ჩოგბურთი

23:28 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინდიან ველსს მოქმედი ჩემპიონი გამოეთიშა

მასტერსის სერიის ტურნირ ინდან ველსს, მისი მოქმედი ჩემპიონი, ამერიკელი ტეილორ ფრიცი გამოეთიშა. პირველ ნომრად განთესილმა კარლოს ალკარასმა კი კანადელი ფელიქს ოგერ-ალიასიმე 6-4, 6-4 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრიცის მძლეველ იტალიელ იანიკ სინერს დაუპირისპირდება.

ალკარასთან შეხვედრაში, ოგერ-ალიასიმემ პირველი ოთხი ბრეიკ პოინტის მოგერიება შეძლო, მაგრამ მეხუთე გეიმში ესპანელმა მოახერხა შეძლო მეტოქის გეიმის აღება და 3-2 დაწინაურდა. ალკარასს პირველი სეტის მოგებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

მეორე სეტის დასაწყისში, მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და კარგა ხანს, თამაში თანაბარი იყო. მაგრამ აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა ალკარასმა, მეცხრე გეიმში ისევ შეძლო ბრეიკის აღება და ამჯერად, მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

„დღეს ჩემი მიზანი, ტურნირზე დარჩენა იყო. შესაძლოა, ამ სეზონში, ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე. ამიტომ, კმაყოფილი ვარ. მას შესანიშნავი პირველი მოწოდება აქვს. მე კი დღეს პირველად შევძელი მისი მოწოდების აღება. ახლა სინრთან შეხვედრაზე ვფიქრობ, ჩვენ ადრე რამდენიმე საინტერესო პაექრობა გვქონდა“, - განაცხადა ალკარასმა.

21 წლის სინერს ფრიცმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. იტალიელმა ადრევე შეძლო ბრეიკის მოპოვება და პირველი სეტი უპრობლემოდ მიიყვანა გამარჯვებამდე. მაგრამ მეორე სეტში, მოქმედმა ჩემპიონმა ივარგა. მან მეათე გეიმში სეტ პოინტი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ სეტის დასაწყისში, მათ ბრეიკები გაცვალეს. მეშვიდ გეიმში ფრიცმა 4-3 დაწინაურება შეძლო, მაგრამ აქედან მოყოლებული, კორტზე სინერი გაბატონდა. მან ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მეცხრე გეიმში კი ბრეიკს მიღწია და ეს უპირატესობა, თავის მოწოდებაზეც შეინარჩუნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107141