თამაშგარე

13:26 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს ყოფილმა სატრფომ დი კაპრიო გამოიჭირა

კარგი რამ არის კილიან მბაპეს ყოფილი სატრფო, მოდელი როუზ ბერტრამი. შეხედავ და იფიქრებ, ამისთანა ხელიხელსაგოგმანებმა გოგომ ვირეშმაკობა როგორ უნდა დაგეგმოს და მოიფიქროსო, მაგრამ ერთია რას ფიქრობს სამხრეთ კავკასიაში კომპიუტერთან მიმჯდარი ოყლაყი და მეორეა ათას ფიქრზე გადავლილი როუზის გუნება და შესაძლებლობანი.

ბერტრამის ქალს როგორც ჩანს, ნამეტანი გაუტკბა ჰაერზე მოსული პოპულარობა და მბაპესთან დაშორების შემდეგაც ძალუმად მიიწევს მედიის ყურადღების მიპყრობისაკენ. ამასწინათ, ეს ასული პარიზის ერთ-ერთ ფეშენებელურ რესტორანში ლეგენდარულ მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს გადაეყარა და მსახიობმა მისგან თავი რის ვაივაგლახით დააღწია.

ფრანგი „ყვითელი“ მოკალმეები წერენ, რომ დიკაპრიოს ერთი სული ქონდა, რამენაირად მალევე გასცლოდა მბაპეს ყოფილ გულისსწორს, მაგრამ როუზი მის წინ დარიალის კარიბჭის მცველივით იყო აზიდული და ძალას არ იშურებდა, რომ ბულვარულ მედიას მისი და ლეონარდოს შეხვედრა რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე დაეფიქსირებინა. აკი კიდეც მიაღწია თავისას!

0.145067