სხვა

1:13 | 17.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიელების დუბლი სუპერ-გიგანტის ფინალში

სამთო მოთხილამურეებმა, მსოფლიო თასის მიმდინარე სეზონის სუპერ-გიგანტის ბოლო რბოლები გამართეს. ორივე რბოლაში შვეიცარიელებმა გაიმარჯვეს. ქალთა შორის საუკეთესო ლარა გუტ-ბერამი იყო, მამაკაცებში კი მარკო ოდერმატმა გაიმარჯვა, ვინც დარჩენილ ორ რბოლაში (სლალომი და გიგანტური სლალომი), ლეგენდარული ჰერმან მაიერის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდება.

ეს რეკორდი, აბსოლუტურ ჩათვლაში დაგროვებული 2000 ქულაა. ოდერმატმა ამ სეზონში უკვე მე-12 გამარჯვება მოიპოვა (მეექვსე სუპერ-გიგანტში) და 1942 ქულა დააგროვა. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე გიგანტურ სლალომში და დაშვებაში დაეუფლა ოქროს მედლებს. შაბათის გიგანტურ სლალომი ის ფავორიტთა შორისაა და თუ მესამე ადგილს მაინც დაიკავებს, მაიერის რეკორდსაც გააუმჯობესებს.

ოდერმატმა 0.29 წამით აჯობა მეორეზე გასულ ავსტრიელ სეხნია მარკო შვარცს. მესამეზე კი ნორვეგიელი ალეკსანდერ ომოდტ კილდე გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.71 წამით ჩამორჩა. რბოლა ვერ დაასრულა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, კანადელმა ჯეიმს კროუფორდმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ავსტრიელმა ვინსენტ კრიხმაირმა, ვინც დაშვების ფინალური რბოლა მოიგო.

რაც შეეხება გუტ-ბერამის, მან ამ მოგებით, სუპერ-გიგანტის ბროლის მცირე გლობუსი მოიპოვა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა 0.22 წამი მოუგო იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს. გამარჯვებულს 0.25 ჩამორჩა და მესამე ადგილი დაიკავა ნორვეგიელმა რაგნჰილდ მოვინკელმა. მხოლოდ მე-14 ადგილს დასჯერდა ამერიკელი მიკაელა შიფრინი.

სუპერ-გიგანტის ბროლის გლობუსის მოპოვება ხუთ მოთხილამურეს შეეძლო. მაგრამ 31 წლის გუტ-ბერამი შეუდარებელი იყო. მან ეს თასი მეოთხედ (პირველი სამი 2014, 2016 და 2021 წლებში) მოიპოვა. შვეიცარიელმა 45 ქულით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ბრინიონე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.157732