კალათბურთი

10:46 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდული დრო და კარგი სტატისტიკა - გრეგ პოპოვიჩთან მამუკელაშვილი შედეგიანია (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე მიილია და გამთენიას „სან ანტონიო სპურსი“ „დალას მავერიქსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქეს გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდა.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 117:117 დაფიქსირდა, თუმცა დალასელებმა ოვერტაიმში 20:11 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრა 137:128 დასრულდა. სწორედ ამ შეხვედრით დაასრულა ჯეისონ კიდის გუნდმა 3-მატჩიანი წაგებათა საერია.

„სან ანტონიელთა“ სასტარტო ხუთეულში პირველად გამოჩნდა სანდრო მამუკელაშვილი. ქართველი კალათბურთელმა მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ახალ გუნდში სათამაშო დრო შედარებით მნიშვნელოვნად გაეზარდა. ამას ხელი ნიგერიელი ფორვარდის, ჩარლს ბასის ტრავმამაც შეუწყო, რის შემდეგაც მამუკელაშვილმა „ორლანდოსთან“ წინა მატჩში რეკორდული – 21:29 წუთი ითამაშა, გასულ შეხვედრაში კი ეს შედეგი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

როგორც ჩანს ლეგენდარული მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი საქართველოს ნაკრების წევრს ენდობა და ეს ამ შეხვედრაშიც აისახა. სანდრომ „დალას მავერიკსთან“ მატჩში პარკეტზე 33:15 წუთი გაატარა, რა დროშიც საკმაოდ კარგი სტატისტიკა ჰქონდა. 23 წლის კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. მან 13-დან 4 სროლა გამოიყენა, რომელთაგანაც 7-დან 2 სამქულიანი და 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზთან არ დამდგარა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანდრო მოედანზე ყველაზე დაძაბულ მომენტებში იდგა და თამაშის ამინდს ქმნიდა. მან მთელი ოვერტაიმი ითამაშა, რომლის დაწყებისას სადაო გდება მოიგო, ბურთო ორჯერ მოხსნა და თითო სროლა – (სამქულიანი და დამატება) ააცილა.

ის მოედანზე იყო რეგულარული დროის ბოლო წუთებზე, როცა მატჩის ყველაზე დაძაბული ეპიზოდები გათამაშდა. მამუკელაშვილმა რეგულარულის დასრულებამდე 1:30 წუთით ადრე სამქულიანი ჩაგდო, რითაც სან ანტონიო 117:114 დააწინაურა, თუმცა თამაშის ძირითადი 48 წუთი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მამუკალაშვილს მოედანზე გატარებულ 33:15 წუთში (მეორე შედეგი სან ანტონიოში) ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 3 პერსონალური ფოლი მიიღო. მასზე მეტი, 36 წუთი მხოლოდ კელდონ ჯონსონმა ითამაშა, რომელიც გუნდის ლიდერია და ამჯერადაც საუკეთესო იყო: მან შეხვედრა 27 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

„დალასელთა“ რიგებში ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის არყოფნისას საუკეთესო კრისტიან ვუდი გამოდგა. 27 წლის ამერიკელმა ცენტრმა 28 ქულით, 13 მოხსნითა, 3 პასითა და 1 დაფარებით ორმაგი დუბლი შეასრულა.

„სან ანტონიოს“ 18 მოგების საპირისპიროდ 51 მარცხი აქვს და ბოლოს წინა - მე-14 ადგილზე იმყოფება. სანდრო და მისი თანაგუნდელები შემდეგ შეხვედრას 18 მარტს, დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ „მემფისთან“ ჩაატარებენ. "დალასს" კი 70 მატჩიდან თანაბარი ბალანსი 35-35 მოგება-წაგება აქვს და მე-7 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115743