ფეხბურთი

1:55 | 16.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ისტორიაში პირველად "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ბოლო ორი მერვედფინალურ შეხვედრაში მოულოდნელი არაფერი მომხდარა - „ნაპოლი“ და „რეალი“ მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდნენ.

„ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ სამი კვირის წინ სტუმრად 2:0 დაამარცხა და იმთავითვე გადაჭრა ყველაფერი, შინ კი მეტოქე კიდევ უფრო დაჯაბნა - 3:0 და ორი მატჩის ჯამში 5:0. იტალიური გუნდი ძალიან აღემატებოდა ევროპა ლიგის შარშანდელ ჩემპიონს, მთელი 180 წუთის განმავლობაში კლასში სხვაობა დიდი იყო და რომ არა კევინ ტრაპი, სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა.

დიახ, რომ არა, კევინ ტრაპი, ხვიჩა კვარაცხელიაც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდებოდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გოლს გაიტანდა, მაგრამ ხვიჩას ამის შანსი მეოთხედფინალში კიდევ ექნება. „სტადიო მარადონაზე“ კი ტრაპმა კვარას პირველ ტაიმში აუღო ორი რთული დარტყმა, ერთიც მეორე ტაიმში. სამივე შემთხვევაში კვარა ლამაზ გოლთან იყოს ძალიან ახლოს, მაგრამ გერმანელმა მეკარემ არ დაანება. ლუჩანო სპალეტიმ ქართველი 74-ე წუთზე მაშინ შეცვალა, როცა ანგარიში უკვე 3:0 იყო და შეაქო: მას ჩაეხუტა და უთხრა: „ბრავო, კვარა, ბრავო!“.

კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი ჰქონია, მაგრამ კარგად ითამაშა, როგორც ვთქვით, რამდენჯერმე ახლოს იყო გოლთან, ხოლო მეორე საგოლე შეტევა სწორედ მან დაიწყო ძალიან ეფექტური პასით, მერე მატეო პოლიტანომ და ჯოვანი დი ლორენცომ გააგრძელეს, ვიქტორ ოსიმენმა კი ცარიელ კარში გაიტანა. ნიგერიელმა ეს 53-ე წუთზე გააკეთა, ხოლო მანამდე, პირველი ტაიმის ბოლოსაც შეაგდო და დუბლი მიითვალა. მერე პიოტრ ჟელინსკიმ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა. კვარა იმ დროს მოედანზე იყო, მაგრამ ბურთთან პოლონელი მივიდა და გოლი პირველი ხვიჩამ მიულოცა. სხვათა შორის, შეტევა, რომელიც პენალტის მოპოვებით დასრულდა, ასევე კვარას მაგარი პასით დაიწყო.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ თავისი ისტორია დაწერა, რადგან ჩემპიონთა ლიგის/თასის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. გარდა ამისა, ნეაპოლელებმა ფრანკფურტელებსა და მათი გულშემატკივრებზე ვანდალიზმზე, რაც მთელი დღის განმავლობაში ქალაქში მოაწყვეს, შური იძიეს...

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 19 მარტს, სტუმრად "ტორინოსთან" ჩაატარებს, შემდეგ კი სანაკრებო პაუზა დაიწყება და კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში მონღოლეთსა და ნორვეგიასთან მატჩები ელოდება.

პარალელურად, მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულთან“ „ენფილდ როუდზე“ მოპოვებული უპირატესობა (5:2) ცხადია არ გაანიავა და შინაც აჯობა, ოღონდ მოკრძალებულად - 1:0. გამარჯვების გოლი 79-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაიტანა და კარლო ანჩელოტის გუნდმა ორი მატჩის ჯამში 6:2 მოიგო.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სამი იტალიური გუნდი ითამაშებს, „ნაპოლი“, „მილანი“ და „ინტერი“, ორი ინგლისური „ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“, თითო წარმომადგენელი კი გერმანიას, პორტუგალიას და ესპანეთს ეყოლებათ - „ბაიერნი“, „ბენფიკა“ და „რეალი“. ისიც აღვნიშნოთ, რომ 2005-2006 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სამი იტალიური გუნდი პირველად გავიდა.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

„ნაპოლი“ – „აინტრახტი“ 3:0 (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:0

ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“

„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი (ჟუან ჟესუსი 66), მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი (ნდომბელე 74); პოლიტანო (ლოზანო 67), ოსიმენი (სიმეონე 81), კვარაცხელია (ელმასი 74)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი:

„აინტრახტი“ (4-2-3-1): ტრაპი; ბუტა, ტუტა, ნდიკა, ლენცი (მაქსი 67); როდე (იაკიჩი 74), სოუ; კნაუფი (ალიდუ 62), გიოტცე, კამადა; ბორე

მწვრთნელი: ოლივერ გლასნერი

გოლები: 1:0 ოსიმენი (45), 2:0 ოსიმენი (53), 3:0 ჟელინსკი (64, პენ)

გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი (77) - ნდიკა (26), ლენცი (32), გიოტცე (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (8) – 6 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

„რეალი“ – „ლივერპული“ 1:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:2

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; კარვახალი (ლუკასი 86), მილიტაო, რიუდიგერი, ნაჩო; კროოსი (ჩუამენი 84), კამავინგა, მოდრიჩი (სებალიოსი 82); ვალვერდე, ბენზემა (როდრიგო 82), ვინისიუსი (ასენსიო 84)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

„ლივერპული“ (4-2-3-1): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი (ციმიკასი 90); ფაბინიო, მილნერი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 73); სალაჰი, დიოგო ჟოტა (ელიოტი 57), გაკპო (კარვალიო 90); ნუნიესი (ფირმინო 57)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლი: 1:0 ბენზემა (79)

გაფრთხილება: კლოპი (73), ციმიკასი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 9 (5) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124545