„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ „აინტრახტთან“ მატჩამდე იტალიურ მედიასთან ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, კვარას დიდი იმედი ჰქონდათ, მაგრამ შესაძლოა, მან მოლოდინსაც კი გადააჭარბა.
„მისი თვისებები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩანდა და ჩვენ რამდენიმე წელი ვაკვირდებოდით. იმედი გვქონდა, რომ სატრანსფერო ფასი დაიწევდა და ვერავინ შეამჩნევდა. ომის დაწყების შემდეგ რუსული გუნდების პრობლემებით ვისარგებლეთ და სწრაფად ვიმოქმედეთ კვარას ნეაპოლში ჩამოსაყვანად. შესაძლოა, იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე იმედი გვქონდა, მაგრამ უკვე ვიცოდით, რომ დიდი ფეხბურთელი შევიძინეთ.
კვარას, ოსიმენის და კიმის კონტრაქტებზე ვმუშაობთ? მათ კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტები აკავშირებთ. ალბათ, ზაფხულში ამ საკითხს მივხედავთ, მაგრამ ახლა პრიორიტეტული ის ფეხბურთელებია, ვისაც მოკლევადიანი კონტრაქტები აქვთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.