საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და იტალიური „ვირტუს ბოლონიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ჩუტყვავილას გამო გუნდის 3 შეხვედრა გამოტოვა, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, ის მომდევნო მატჩში ითამაშებს.
ქართველი კალათბურთელი „ვირტუსს“ ევროლიგის ორ მატჩში, „პარტიზანისა“ და ბერლინის „ალბას“ წინააღმდეგ და იტალიის ჩემპიონატში, „ვენეციასთან“ მატჩში ვერ დაეხმარა.
იტალიური Il Resto del Carlino-ს ინფორმაციით, შენგელიამ საკარანტინე პერიოდი მოიხადა, გუშინ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა და მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება.
შენგელია ევროლიგის პლეი ოფისთვის მებრძოლ „ვირტუს ბოლონიას საჭირო დროს უბრუნდება. მომდევნო მატჩს, 16 მარტს, ქართველი კალათბურთელის გუნდი მე-4 ადგილზე მყოფ „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს, შენგელიას დახმარება კი გუნდს ძალიან გამოადგება, თუ ის თამაშს შეძლებს.
28 ტურის შემდგომ 13 მოგებითა და 15 მარცხით „ვირტუს ბოლონია“ მე-11 ადგილზე იმყოფება, მე-8 ადგილოსან „მაკაბის“ კი პირიქით, 15 მოგება და 13 მარცხი აქვს. ეს სწორედ ის პოზიციაა, რომელიც პლეიოფის საგზურს იძლევა, ევროლიგის დასრულებამდე კი მხოლოდ 6 ტურია დარჩენილი.