ფეხბურთი

1:17 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ გლასნერი: "3 გოლის გატანა გვინდა, მაგრამ პენალტების სერიით მოგებაზეც კმაყოფილი ვიქნები"

ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ავსტრიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მათი მიზანი 3 გოლის გატანაა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე პენალტების სერიით გასვლითაც ბედნიერი იქნება.

„კოლო მუანის არყოფნა? სხვა მოთამაშეებს მოვძებნით, რომლებსაც განსხვავებული უნარები აქვთ და შეუძლიათ გოლების გატანა. ვინც ხვალ ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელებს შეცვლიან, ჩვენგან ნდობა ექნებათ. „ნაპოლის“ დასამარცხებლად გუნდური თამაშია საჭირო, ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ.

ჩვენი ფანების არყოფნა უარყოფითი ფაქტორი იქნება? ვისურვებდით, რომ ჩვენი გულშემატკივრები ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ ყურადღებას ვამახვილებთ მატჩზე და იმაზე, რამაც შეიძლება თამაშზე გავლენა იქონიოს. ფანების მხარდაჭერა უკეთესი იქნებოდა, ეს დადებით ენერგიას მოგვცემდა.

„ნაპოლი“ აგრესიულ კონტრ-პრესინგს თამაშობს, ამიტომ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება დაგვჭირდება, რათა თავი დავაღწიოთ ამ ზეწოლას. პირველ შეხვედრაში სწრაფები არ ვიყავით, პირველი თამაში კარგად განვიხილეთ. მე-60 წუთამდე ბევრი შეცდომა გვქონდა და ეს შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ.

სწრაფი გოლი დაგვჭირდება? შეგვიძლია 3 გოლი თავიდანვე გავიტანოთ და მერე მეტოქეს დაველოდოთ ან პირიქით. დამატებითი დრო და პენალტებიც ჩვენთვის კარგი იქნება. მთავარია, რომ ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად ვაჩვენოთ. ახლა არაა საჭირო ზედმეტად ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, მაგრამ ევროპაში „აინტრახტს“ წარმოვადგენთ და გვსურს კარგად გამოვიდეთ“, - თქვა გლასნერმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ მატჩი 15 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.116092