ფეხბურთი

0:47 | 15.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "შანსი თანაბარია, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, გუნდზე ზეწოლა არ არის"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებმა გასვლაზე 2:0 მოიგეს, სპალეტი წყვილში ფავორიტად მის გუნდს არ მიიჩნევს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს თანაბრად აფასებს. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს უთამაშია და ამის პირველად გაკეთება შეუძლია.

„მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ისევ 50-50%-ზეა. „აინტრახტი“ სერიოზული და ძლიერი მეტოქეა, ამიტომ საჭიროა ისე ვითამაშოთ, როგორც ფრანკფურტში. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, შეიძლება, ეს სეზონის პირველი ფინალია, რადგან კლუბის ისტორიაში ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია. მეოთხედფინალში გასვლა ძალიან პრესტიჟული იქნება, მაგრამ არ მგონია, რომ გუნდზე განსაკუთრებული ზეწოლა იყოს.

წარსულშიც იყო მსგავსი სიტუაცია და გუნდმა ეს ყველაფერი დაძაბულობის გარეშე გადაიტანა, მოედანზე ყოველთვის სწორ პასუხს ვცემდით. ამიტომ, მშვიდად ვართ. მეტოქის დაუფასებლობა? არა, არცერთ მეტოქეს ასე არ ვუდგებით. „აინტრახტი“ არის გუნდი, რომელმაც შარშან „ბარსელონა“ დაამარცხა. გვაქვს ამბიცია, რომ დიდი გუნდი გავხდეთ და დიდი ისტორია დავწეროთ ჩვენი ქალაქისთვის.

მე მყავს თავმდაბალი შემადგენლობა, რომელიც სავსეა პროფესიონალებით და ერთმანეთის თავგანწირვის სურვილით განწყობილი კაცებით. გამარჯვებული გუნდი არ ყალიბდება 11 ინდივიდით, არამედ მთელი გუნდით, სადაც ყველას ერთმანეთის დახმარების სურვილი აქვს. ისეთივე მშივრები უნდა ვიყოთ, როგორც ყოველთვის, რადგან გამოცდილ მეტოქეს ვხვდებით, რომელიც გავიდა ჯგუფიდან, სადაც „ტოტენჰემი“, „მარსელი“ და „სპორტინგი“ თამაშობდნენ. ჩვენ ამ გუნდს დიდი პატივისცემით ვუყურებთ.

რა დაგვჭირდება? გული, გონება და ცოტა იღბალიც. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს და ეს ხვალინდელი მატჩია. ძირითად შემადგენლობას მოგვიანებით გადავწყვეტ. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ძირითადში ჩვენი გულშემატკივრები იქნებიან, ისინი მოედანზე ჩვენთან ერთად გადიან“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ მატჩი 15 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.122121