ფეხბურთი

19:04 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "გულთან ერთად გონებით თუ არ ითამაშებ, ვერასდროს განვითარდები"

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ New York Times-ს ინტერვიუ მისცა. ქართველმა ფეხბურთელმა ისაუბრა იტალიური კარიერის დასაწყისზე, გულშემატკივრების სიყვარულსა და ლუჩანო სპალეტიზე.

„ნაპოლიში" რომ გადავედი, თავიდან ყველაფერი სიზმარივით მეჩვენებოდა, მაგრამ მომიწია ჩემი თავისთვის შეხსენება, რომ ეს არ იყო სიზმარი, არამედ რეალობა და ჩემს თავში უნდა მეპოვა ძალა. მადლობელი ვარ სითბოსა და სიყვარულის ყოველი ჟესტისთვის, რომელსაც ხალხისგან ვგრძნობ. ჩემთვის ეს მოტივაცია და ინსპირაციაა. დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ყველა თამაშში უნდა ვითამაშო ისე, როგორც მათ პირობა მივეცი.

სპალეტი? პირველი საუბარი კარგად მახსენდება. მან მითხრა რა უნდა გამეკეთებინა გუნდისთვის. ბევრი ვისაუბრეთ დაცვაში თამაშის მომატებაზე, გუნდურ თამაშსა და გუნდური სულისკვეთების მნიშვნელობაზე. ეს არის ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - სულისკვეთება. ზოგადად, იტალიელი მწვრთნელი ამ თვალსაზრისით გამოირჩევიან. ჩემი ხელწერა სწორედ თავისუფლებაა. საკუთარ თავს ამით ვცნობ. მიყვარს ფეხბურთის თამაში და რასაც ვაკეთებ.

გულით თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე უნდა ითამაშო გონებით. ეს ყველაფერი მოდის მას შემდეგ, რაც ვარჯიშებზე ყველაფერი გაიარე, შეცდომებზეც რაღაცები ისწავლე. მეც გულით ვთამაშობ და თან ვფიქრობ. მოედანზე თუ გონებით არ ითამაშებ, უკეთესი ვერ გახდები. მე ყოველთვის გულით და გონებით ვთამაშობ, მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ, ყოველთვის ყველაფერს გულით ვაკეთებ“, - თქვა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

0.123519