ესპანური ლებ-პლატას ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციის 22-ე ტურში, ვილი ისიანის „მოლემ“ „გრან კანარია B“-ს უმასპინძლა და 67:82 დამარცხდა. თუმცა ქართველი ფორვარდი კვლავაც საუკეთესო გახლდათ მოლელთა შორის. მისი მონაგარი ასეთია: 18 ქულა, 4 სამქულიანი, 2 ორქულიანი, 2 საჯარიმო, 9 მოხსნა, 1 ასისტი.
ვილიმ პარკეტზე 32 წუთს დაჰყო, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ სათამაშო დროის ნაკლებობის გამო წამოვიდა ესპანურივე „კასერესიდან.“
22 ტურის შემდეგ, „მოლე“ 27 ქულით ლიგის აუტსაიდერია. „გრან კანარია B“ კი 14-გუნდიან ცხრილში მერვე ადგილზეა.
„მოლე“ მომდევნო მატჩს 18 მარტს სტუმრად ვალენსიაში გამართავს „გოდელასთან.“
ისიანი „მოლეში“ გასულ იანვარს გადავიდა და უკვე გუნდის ლიდერია. მისი შორეული ტყორცნები საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდანაც გვახსოვს და ეგებ ყურადღება ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელებმაც მიაქციონ. მით უმეტეს, რომ მსროლელების მხრივ არცთუ სახარბიელო ვითარება გვაქვს.