ფეხბურთი

2:23 | 14.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიული მედია: "ნორვეგიის ნაკრები კვარაცხელიასთან ფრთხილად უნდა იყოს"

სანაკრებო მატჩები მოახლოვდა, საქართველოს ნაკრებს ორ კვირაში ნორვეგიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანესი თამაში ელოდება. ნორვეგიულმა საიტმა vg.no-მ კი ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და ნორვეგიის ნაკრები გააფრთხილა.

„შეუჩერებელია. ფრთხილად, ნორვეგია, ფრთხილად იყავი, საოცარ ფორმაშია“, - თქვა ვეგარ ოლსტადმა, რომელიც „ნაპოლისა“ და „ატალანტას“ მატჩს „სტადიო მარადონაზე“ დაესწრო, შესაბამისად, კვარას შედევრი პირდაპირ ნახა.

„თუ ევრო 2024-ზე გასვლა გვინდა, ნორვეგიამ უნდა სცადოს ამ ვარსკვლავის მოთვინიერება“, - წერს გამოცემა.

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა ნორვეგიის ნაკრების მცველმა და „ნაპოლიში“ კვარას თანაგუნდელმა ლეო ოსტიგორმა:

„ყოველთვის ასე თამაშობს. ვარჯიშებზე მსგავსი რამ არაერთხელ მინახავს. ის განსაკუთრებული მოთამაშე და ძალიან სახიფათოა“, - უთხრა ლეო ოსტიგორმა თანამემამულე ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები 28 მარტს, ნორვეგიასთან საშინაო მატჩით დაიწყებს. თავის მხრივ, სტალე სოლბაკენის გუნდი საქართველოსთან მატჩამდე ესპანეთს ეთამაშება, ხოლო ვილი სანიოლის გუნდს მონღოლეთთან ამხანაგური თამაშის ჩატარება მოუწევს.

0.1189