ფეხბურთი

17:19 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავას დუბლით და არაბიძის გოლით "ტორპედომ" ზედიზედ მეორედ მოიგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დაიწყო. ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და „გაგრას“ დამაჯერებლად აჯობა.

არადა, კახა ჩხეტიანის გუნდმა მეორე წუთზე გაუშვა გოლი და აგებდა, მაგრამ მცირე ხნით, რადგან 5 წუთში ნიკა კაჭარავამ წონასწორობა აღადგინა. ნიკამ ტაიმის ბოლოს დუბლიც შეასრულა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში თავი გიორგი არაბიძემაც გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედოს“ 8 ქულა დაუგროვდა, მომდევნო შეხვედრა კი „სამგურალთან“ ექნება. „გაგრას“ აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა და ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

მეოთხე ტური ქობულეთის „შუქურასა“ და „თელავის“ მატჩით დაიწყო, რომელშიც სტუმრად მოიგეს. აჭარლები მირიან ჯიქიას ავტოგოლით დაწინაურდნენ, მაგრამ გიორგი ილურიძემ გაათანაბრა, ხოლო იმედი აშორტიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„თელავმა“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, 4 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „შუქურა“ 3 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა, წინ კი გორის „დილასთან“ მატჩი ელოდება. აღსანიშნავია, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდის მონაწილეობით მიმდინარე სეზონში ოთხივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით (2:1) დასრულდა.

„ტორპედო“ – „გაგრა“ 3:1 (2:1)

გოლები: 0:1 ბუტრიფი (2), 1:1 კაჭარავა (7), 2:1 კაჭარავა (40), 3:1 არაბიძე (48)

„შუქურა“ – „თელავი“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ჯიქია (22, ა.გ), 1:1 ილურიძე (45), 1:2 აშორტია (75)

0.118054