ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ვან ბასტენმა „ატალანტასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას საოცარ გოლზე ისაუბრა. მან ნიდერლანდური ტელეკომპანიის, Ziggo Sport-ის ეთერში „ნაპოლი“ – „ატალანტას“ მატჩი გაარჩია და განსაკუთრებული ყურადღება ხვიჩას გოლს დაუთმო.
ვან ბასტენმა თქვა, რომ კვარაცხელია 8 მეტოქის გარემოცვაში იყო და თუ მომენტს მხოლოდ ფოტოზე შეხედავ, ვერავინ დაიჯერებს, რომ იმ მომენტში მან გოლი გაიტანა.
„სურათს თუ შეხედავთ, თქვენ უბრალოდ დაინახავთ რვა ადამიანს ერთის წინააღმდეგ, შემდეგ კი იფიქრებთ: შეუძლებელია სიმართლე იყოს, რომ ის აქ გოლს გაიტანს. ძირითადად, ის მხოლოდ ერთ კაცს ეთამაშება თავისი მოქმედებებით, მაგრამ მის გარშემო სულ 8 ფეხბურთელია... ეს ფანტასტიკური გოლია! მსუბუქად თამაშობს, ადვილად მოძრაობს მარჯვნივ და მარცხნივ, თანაც სწრაფად. მას აქვს თავისუფლება, კლასი და კარგად იცის, თუ სად და როდის რა გააკეთოს“, - თქვა ვან ბასტენმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა. ჩემპიონთა ლიგის შედეგებსაც თუ დავუმატებთ, კვარას მაჩვენებელი ცხადია უფრო შთამბეჭდავია: 28 მატჩი, 13 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი. სხვათა შორის, სერია A-ში 11 გოლით კვარაცხელია ლევან მჭედლიძეს დაეწია, ქართველი ფეხბურთელებიდან უფრო მეტი გოლი იტალიის ჩემპიონატში კახა კალაძეს აქვს გატანილი, მაგრამ ხვიჩა დიდი ალბათობით, მას ამ სეზონშივე გადაასწრებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია