სხვა

1:20 | 12.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკაელა შიფრინი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა

ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის რეკორდის გამეორებიდან სულ რაღაც ერთ დღეში, ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ, მიკაელა შიფრინმა, კიდევ ერთი რბოლა მოიგო და აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა. მის ანგარიშზე ახლა უკვე მსოფლიო თასზე მოპოვებული 87 გამარჯვებაა.

27 წლის შიფრინმა ამჯერად, შვედეთის არეში, სლალომის რბოლა მოიგო. ეს მსოფლიო თასზე მისი 245-ე რბოლა იყო. არე ის ადგილია, სადაც მან 2012 წელს, მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„ის ამ რეკორდს, ყველაზე მეტად იმსახურებდა. მიკაელა სრულყოფილი მოთხილამურეა. მას კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მას ასევე აქვს ფიზიკური გამძლეობა და ჭკვიანი თავი. ეს ყველაფერი ჯამში, მას საუკეთესო ათლეტად აყალიბებს. მას არ სჭირდება მაქსიმალური სიჩქარე. მან იცის, რომ სხვებს შესაძლებლობის მიღმა ასპარეზობა უწევთ, რათა მისი დამარცხება შეძლონ და ამიტომ, შეცდომებს უშვებენ“, - ასე ახასიათებს შიფრინს სტენმარკი, ვინც თავისი 86-ე გამარჯვება 1989 წელს მოიპოვა.

შიფრინი პირველი ცდის შემდეგ, უახლოეს კონკურენტს 0.69 წამს უგებდა. ორი ცდის ჯამში კი მეორეზე გასულ შვეიცარიელ ვენდი ჰოლდენერს 0.92 წამით აჯობა. კვარცხლბეკის მესამე საფეხური შვედმა ანა სვენ ლარსონმა დაიკავა, ვინც გამარჯვებულზე 0.95 წამით ნელი აღმოჩნდა.

შიფრინს მისი ოჯახის წევრებმა სიურპრიზი გაუკეთეს - როდესაც ფინიში გადაკვეთა მან მოულოდნელად, დედა (ეილინი), ძმა (ტეილორი) და მისი მეუღლე (კრისტი) (ფოტოზე მათთან ერთად) დაინახა.

მიმდინარე სეზონი შიფრინისთვის უხვმოსავლიანია. არეში შიფრინმა მიმდინარე მსოფლიო თასზე მე-13 გამარჯვება მოიპოვა. გარდა ამისა, უკვე განაღდებული აქვს ბროლის გლობუსები სლალომსა და გიგანტურ სლალომში, ასევე დიდი გლობუსი (კარიერაში მეხუთე) აბსოლუტურ ჩათვლაში. მანვე წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, ოქროს მედალი გიგანტურ სლალომში მოიპოვა, სლალომსა და სუპერ-გიგანტში კი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

შიფრინს ორშაბათს 28 წელი შეუსრულდება და ამ სეზონში საქმე ჯერ არ დაუმთავრებია, რადგან ანდორაში, მსოფლიო თასის ფინალურ ოთხ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

0.116883