რაგბი

23:36 | 11.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ბურჯი ნიკა აბულაძე “ექსტერ ჩიფსის“ ღირსებას დაიცავს

ქართველი მორაგბე, ნიკა აბულაძე კარიერას ინგლისის პრემიერშიფის გუნდ „ექსტერ ჩიფსში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.



27 წლის ქართველი მორაგბე „ჩიფსს“ სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდება. დღეს „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელეს და მასში აბულაძეც არის შეყვანილი. ნიკას ეროვნული ნაკრების მაისურით 9 მატჩი აქვს ჩატარებული. სწორედ პორტუგალიასთან შეხვედრის შემდგომ შეუერთდება ის ინგლისურ გუნდს.

აბულაძე პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც დევონის კლუბში ითამაშებს. მასთან დაკავშირებით დიდი იმედები აქვს გუნდის დირექტორს, რობ ბაქსტერს:

„მე მისგან კარგ ამბებს ველი. ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს ის, თუ რას წარმოადგენს ქართველი, შეუძლია შემოდგომის სერიებს გადაავლოს თვალი, სადაც მან დიდი როლი ითამაშა თავისი ქვეყნის წარმატებაში. განსაკუთრებით გამორჩეული იყო უელსთან მატჩი, სადაც ის მარქაფიდან ჩაერთო თამაშში და შერკინებას დიდი ძალა შემატა“ - განაცხადა ბაქსტერმა.

ნიკა აბულაძე ბოლოს „შავი ლომის“ ღირსებას იცავდა და პირველ ქართულ ფრენჩაიზთან ერთად რაგბი ევროპის სუპერთასის მოგებაც მოახერხა.

ამ მომენტისთვის „ჩიფსი“ ინგლისის პრემიერშიფში მე-4 პოზიციას იკავებს, რაც ნახევარფინალში თამაშის უფლებას იძლევა.

0.11094