საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში ზურიკო დავითაშვილი და მისი „ბორდო“ ერთ-ერთ კონკურენტ „სოშოს“ ესტუმრნენ. ქართველმა 85 წუთი ითამაშა, შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
ანგარიში 30-ე წუთზე ბაკვამ გახსნა, თუმცა ათ წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. თავი ვაისბეკმა გამოიჩინა. მეორე ტაიმში გუნდების მცდელობის მიუხედავად, გოლი აღარ გასულა. ზურიკო დავითაშვილი მეტ-ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა თავი შედეგიანი ქმედებით არ გამოუჩენია. ის მატჩის 85-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე დარჩა, რაც ლიგა 1-ის საგზურს იძლევა. გუნდს 1 ქულით ჩამორჩება „სოშო“, სამით კი გიორგი მიქაუტაძის „მეცი“, რომელიც თავის მატჩს 13 მარტს ჩაატარებს. „ბორდო“ მომდევნო შეხვედრას 18 მარტს, „ნიმის“ წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილის ჟირონდინელთა მაისურით ლიგა 2-ში 2 გოლი აქვს გატანილი და 1 საგოლე პასი შესრულებული.