ბრიტანული Sun-ის ინფორმაციით, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულ და გავლენიან გამოცემად ითვლება, ფრანგული გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის დამატებითაა დაინტერესებული.
ჰარი მაგუაიერს „მანჩესტერ იუნაიტედში“ ბოლო დროს სათამაშო დრო აღარ ეძლევა, რადგან ერიკ ტენ ჰააგი უპირატესობას მარტინესისა და ვარანის წყვილს ანიჭებს. ამას ემატება ინგლისელი მცველის არც თუ დამაჯერებელი ქმედებები, რის გამოც საიდუმლო არავისთვისაა, რომ „წითელი ეშმაკები“ მის გაყიდვას გეგმავენ.
საინტერესო ის არის, რომ მაგუაიერის დამატებას მომავალ ზაფხულს საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს. საქმე იმაშია, რომ სერხიო რამოსს პარიზელებთან სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და ჯერ-ჯერობით უცნობია ის, თუ რას გადაწყვეტს ესპანელი მცველი. „პსჟ“-ს მის შემცვლელად ყველაზე მეტად მაგუაიერის კანდიდატურა მოსწონს, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გუნდში ბევრი რამ ჯერ კიდევ დასალაგებელი და გადაუწყვეტელია. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან გამოვარდნის შემდგომ, კლუბში დიდი ცვლილებები იგეგმება.
ამ სეზონში მაგუაიერმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით პრემიერლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, აქედან კი მხოლოდ 2 იყო მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ.