რაგბი

20:50 | 10.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 26:17 ხარები

მთელი 1 საათით კაცნაკლულად მოთამაშე ბოლნისის ‘ყოჩებმა’, ქვემო ქართლის დერბიში რუსთავის ‘ხარები’ 26:17 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

დიდი 10-ის მე-16 ტურში ‘ყოჩები’ ‘ხარებს’ „რაგბი პლატოზე“ დაუხვდა. დაძაბულ ბრძოლაში გარკვეული დროით ორივე გუნდი დარჩა 13-13 კაცის ამარა. მასპინძელთა კაპიტანმა ლაშა მალაღურაძემ მე-20-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო, თუმცა მისმა თანაგუნდელებმა შეძლეს მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა და 38 ქულით მე-6 ადგილზე აღზევდნენ, თუმცა დანარჩენ გუნდებს ტურის თამაშები ჯერ არ ჩაუტარებიათ. მათ შორისაა ‘არესი’, რომელსაც 36 ქულა აქვს და კვირას ქუთაისურ დერბიში ‘აიას’ ერკინება.

‘ხარები’ ბოლო წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვის გამო ნუგეშ-ქულის გარეშე დარჩა და 48 ქულით კვლავ მეორე ადგილზეა. რუსთაველები 5 ქულით ჩამორჩებიან ‘ლელო-სარასენსს’ და 5-ით უსწრებენ ‘აიას’.

ტურის გახსნითი მატჩის დებიუტი სტუმრებისთვის უიღბლო აღმოჩნდა. მალაღურაძის კარგი თამაშის შემდეგ, მასპინძლებმა მეტოქე მისსავე 22-ში წნეხში მოაქციეს და მე-2 წუთზე ყვითელი ბარათით ლევან ნარიმანიძე დაისაჯა, ორ წუთში კი მისი ბედი დემურ ეფრემიძემ გაიზიარა. 13-კაციანმა ‘ხარებმა’ მოლის შემდეგ თავი დაიცვა, თუმცა რაქიდან ბურთი თენგიზ პერანიძემ აიტაცა და პასის იმიტაციის შემდეგ ის ლელოში დაამიწა. მალაღურაძემ გარდასახა.

რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, რუსთაველებმა შეძლეს მეტოქის ნახევარზე ფეხის მოკიდება, ბოლნისელები ხშირად ჯარიმდებოდნენ და გიორგი პეტრიაშვილმა სხვაობა 3 ქულით შეამცირა. ამასობაში მე-19 წუთიც მოვიდა და თავით თავში კონტაქტს მალაღურაძის პირდაპირ წითელი ბარათით გაძევება მოყვა. ‘ხარები’ კიდევ უფრო გააქტიურდა და ლევან ნარიმანიძე ლელოშიც შევიდა, მაგრამ ის ორმაგი ბოჭვით კიდით ხაზს იქით გადაიყვანეს. ‘ხარების’ ტერიტორიული უპირატესობისა და ხშირი ჯარიმების ფონზე, 34-ე წუთზე ყვითელი ბარათი გიორგი მჭედლიშვილმა მიიღო და 10 წუთით 13 კაცის ამარა უკვე ‘ყოჩები’ დარჩა.

რიცხობრივი უპირატესობა 7 ქულაში უკვე ‘ხარებმა’ ასახა. ტაიმის მიწურულს მათ თავისი ნახევრიდან ხელდახელ მაღალ ტემპში შეუტიეს, ყველა ჯერზე შეძლეს უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, ფაზები აკინძეს და პეტრიაშვილმა ლელო-გარდასახვით სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმი ‘ყოჩებმა’ აქტიურად დაიწყო. მასპინძლები ჯარიმის შემდეგ წითელ ზოლში შევიდნენ, ფორვარდებმა წინ ვერ წაიწიეს, თუმცა პერანიძემ მარცხენა ფრთაზე ბურთი ოსტატურად გადაკიდა, მას ლევან გოგოლაშვილი დაეუფლა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო. ‘ხარებმა’ უპირატესობა 56-ე წუთზე დაიბრუნა. მოლის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა, მცველებმა პირველი მიძალება შეაჩერეს, თუმცა ლევან ჭავჭავაძეს ვერაფერი მოუხერხეს და მისი ლელო პეტრიაშვილმა გარდასახა.

ბოლნისელებმა 5 წუთში ლამაზი ლელოთი უპასუხეს. შეცვლაზე შესულმა ოთარ ლაშხმა კარგი შეტევა თავისი ნახევრიდან, ხაზის გაჭრით დაიწყო, მიყოლამ არცერთ ეპიზოდში დააგვიანა, გიორგი კურტანიძემ მეტოქის 22-ში ბურთი კიდევ უფრო წინ წაწია და მჭედლიშვილის ოფლოუდის შემდეგ პერანიძემ თავისი მეორე ლელოთი წონასწორობა აღადგინა. შეცვლაზე შესულმა სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახა. სტუმრებს საპასუხო ლელოს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ლელოში შესულებმა ბურთი ვერ დაამიწეს, ვაჟა ხუციშვილის მოკლე ფრთაზე გარღვევა კი პერანიძემ საუცხოო ბოჭვით შეაჩერა.

მატჩის მიწურულს ‘ყოჩები’ თავად გადავიდა იერიშზე, რაქიდან ბაჩუკი ჭუმბაძემ შეუტია და ლელო გაიტანა, ფურცხვანიძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 26:17. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი კურტანიძე გახდა.

RUGBY.GE

0.12956