კონფერენს ლიგის მერვედფინალში ქართველების „სლოვანი“ სტუმრად „ბაზელს“ დაუპირისპირდა და დაუზავდა - 2:2. ჯაბა კანკავას არ უთამაშია დისკვალიფიკაციის გამო, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე და გურამ კაშია ძირითადში იყვნენ. ჩაკვე 77-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.
„სლოვანი“ შვეიცარიაში ორჯერ აგებდა, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრა და საპასუხო მატჩის წინ კარგ ვითარებაშია. სხვათა შორის, ეს გუნდები ჯგუფშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ „სლოვანმა“ სტუმრად 2:0 მოიგო, შინ კი ფრეს დასჯერდა (3:3).
პოზნანის „ლეხმა“ საკუთარ მოედანზე შვედური „დიურგარდენი“ 2:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი სათადარიგო სკამზე დარჩნენ, შესაბამისად არ უთამაშიათ. „ლეხი“ კი მეოთხედფინალთან ძალიან ახლოსაა.
კონფერენს ლიგის სხვა მატჩებზეც: „გენტი“ შინ „ბაშაკშეჰირს“ დაუზავდა, ფლორენციის „ფიორენტინამ“ თურქული „სივასპორი“ 1:0 დაამარცხა, „ანდერლეხტი“ და „ვილიარეალი“ დაზავდნენ (1:1), „ვესტ ჰემმა“ სტუმრად ლარნაკას აეკ-ს აჯობა (2:0), ხოლო „ნიცამ“ „შერიფს“ მოუგო (1:0). მანამდე იყო ერთი მატჩი, სამშაბათს, „ლაციომ“ „ალკმაართან“ შინ 1:2 წააგო.