სხვა

0:56 | 9.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ფიურისთან შეხვედრაში სტრატეგიას შეცვლის

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ კიდევ ერთ ჩემპიონთან, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან შეხვედრისას, განსხვავებული სტრატეგიით იბრძოლებს.

უსიკი WBA-ის, WBO-ის, IBF -ის და IBO-ის ტიტულებს ფლობს, ფიურის ხელში კი WBC-ს ტიტულია. ორი ჩემპიონი, რომლებსაც პროფესიონალურ რინგზე, ჯერ წაგება არ აქვთ, ერთმანეთთან შეხვედრას და ტიტულების გაერთიანებას აპირებს.

უსიკი 36 წლისაა და ის მძიმე წონაში მას შემდეგ გადავიდა, რაც კრეისერის წონაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. ფიური კი 34 წლისაა. ის კარგა ხანს, ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას თანამემამულე ენტონი ჯოშუასთან აპირებდა, მაგრამ ჯოშუა უსიკმა დაამარცხა (ორჯერ) და ტიტულები ჩამოართვა. ამიტომ, ფიურისთვის ჯოშუასთან შეხვედრამ ინტერესი დაკარგა.

„ტაისონთან შეხვედრაში, განსხვავებული სტრატეგიით ვიბრძოლებ. მომზადებას კი ძველებურად ვაპირებ - ბევრს ვივარჯიშებ, ვიცურავებ, ვირბენ და კრივში ვივარჯიშებ. ტაისონი ცოტა განსხვავებული მეტოქეა და ვარჯიშის დროს ამას გავითვალისწინებ. ის დიდი და მაღალია. ამიტომ, სხვა კომბინაციები და განსხვავებული საკრივო სტილი აქვს“, - ამბობს უსიკი.

უსიკის და ფიურის შეხვედრა ამ გაზაფხულზე არის მოსალოდნელი. ადგილი და დრო შერჩეული არაა. ადგილად ორი ვარიანტი განიხილება - ლონდონი და საუდის არაბეთი.

„20 წელზე მეტია, ერთი მოკრივის ხელში ყველა პრესტიჟული ტიტული არ ყოფილა. ჩვენ ორივეს გვსურს ბრძოლა“, - დასძენს უსიკი.

ცნობისათვის, ბოლოს ყველა პრესტიჟული გაერთიანების ჩემპიონი ბრიტანელი ლენოქს ლუის იყო, ვინც აბსოლუტური ჩემპიონის წოდებას 1999-2000 წლებში ფლობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112074