ფეხბურთი

17:29 | 8.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სამგურალმა“ „თელავი“ დაამარცხა, „ტორპედომ“ კი „სამტრედიას“ სძლია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა. წყალტუბოს „სამგურალმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა, „ტორპედომ“ კი ორი ფრის შემდგომ პირველი შეხვედრა მოიგო.



26 მაისის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალი“ „თელავს“ დაუხვდა. შეხვედრა მასპინძელთა ტოტალური უპირატესობით წარიმართა, თუმცა ეს უპირატესობა მხოლოდ 1 გატანილ გოლში აისახა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 41-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა. „სამგურალმა“ მეორე თამაში მოიგო და ცხრილის მე-3 საფეხურზე აღზევდა. „თელავს“ სამი ტურის შემდგომ 1 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს წყალტუბოელები 13 მარტს, „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, „თელავი“ კი „შუქურას“ ესტუმრება.

მეორე მატჩი ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, რომელშიც „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ვერაფერი გააწყო. პირველი გოლი 33-ე წუთზე გიორგი არაბიძემ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში კი ასევე ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა თავი. საბოლოოდ, შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით დასრულდა და ისინი 2 ფრითა და 1 მოგებით მე-4 ადგილზე იმყოფებიან. „სამტრედიას“ 3 ქულა აქვს და მეშვიდეა.

მომდევნო შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედო“ „გაგრას“ უმასპინძლებს. „სამტრედია“ კი ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

დღეს კიდევ ორი შეხვედრაა ჩანიშნული. „საბურთალო“ ამ წუთებში „შუქურას“ მასპინძლობს. 20:00 საათზე კი „დილა“ „დინამო ბათუმს“ მიიღებს.

0.116794