ფეხბურთი

18:30 | 7.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა, მაგრამ რეალობას უნდა შევხედოთ"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდის მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და გულშემატკივრების დახმარების იმედი აქვს.

„როდესაც ზეწოლა იზრდება, ეს ნიშნავს, რომ დონეს ამაღლებ. არ დაგავიწყდეთ, რომ შარშან კონფერენს ლიგაზე ვთამაშობდით, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზე. ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ და ხვალ „მილანის“ დამარცხება შეგვიძლია. არ გვავიწყდება წარსული. თუ მკითხავთ, მინდა თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება, გეტყვით, რომ დიახ, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ, გვინდა, რომ მეოთხედფინალში გავიდეთ.

დავბრუნდი და ძალიან ბედნიერი ვარ. გვინდა მომდევნო ეტაპზე გასვლა და სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იქნება. მიმდინარე სეზონში ჩვენი გულშემატკივრები ხშირად გვეხმარებიან. ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო და ძალიან კარგი გუნდია“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „მილანის“ მატჩი 8 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. პირველი მატჩი იტალიელებმა საკუთარ მოედანზე 1:0 მოიგეს.

0.117615