„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელის ნეიმარის ტრავმა იმაზე მძიმე გამოდგა, ვიდრე მანამდე იყო ნავარაუდევი.
როგორც გაირკვა, კოჭის ტრავმის გამო ბრაზილიელი ვარსკვლავი საოპერაციოა, რის გამოც 3-4 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ნეიმარმა დაზიანება 19 თებერვალს, „ლილთან“ მატჩში მიიღო და თავდაპირველად მისი ტრავმა არცთუ ისე სერიოზული ჩანდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. არაა გამორიცხული მისი პარიზული კარიერა ასე დასრულდეს, რადგან ზაფხულში ბრაზილიელის პსჟ-დან წასვლის შესახებ აქტიურად წერენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა.