ძიუდო

15:48 | 6.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი რეიტინგში 6 პოზიციით დაწინაურდა, გელა ზაალიშვილი კი ხუთით

ტაშკენტის გრანდ სლემის შემდგომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგები განაახლა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი ძიუდოისტებიდან ყველაზე დიდი ნახტომი ვარლამ ლიპარტელიანმა შეასრულა.



ძიუდოს ნაკრების კაპიტანმა 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, რის შედეგადაც 6 პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ამავე წონის მეორე პოზიციას ილია სულამანიძე იკავებს.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა 100+ წონაში გელა ზაალიშვილი. მან ამ წარმატების შემდგომ ერთბაშად 5 პოზიციით წაიწია წინ და 2972 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ტაჯიკი ტემურ რახიმოვი, რომელსაც გელამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მოუგო რეიტინგს ლიდერობს. ამ წონაში საქართველოს მხრიდან საუკეთესო გურამ თუშიშვილია, რომელსაც 3815 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.

ტაშკენტის გრანდ სლემის კიდევ ერთი მედალოსანი ეთერ ლიპარტელიანი იყო, რომელიც ფინალში დამარცხდა. მან 2 პოზიცია მოიგო, 4692 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე გადავიდა.

რაც შეხება სხვა წონებს, 60 კგ.-ში გიორგი სარდალაშვილი დაწინაურდა 1 ადგილით და მეხუთეა, 3 ადგილით წინ წაიწია ლუხუმ ჩხვიმიანმა და მე-10 ადგილზეა. 66 კგ.-ში კვლავ მესამე ადგილზეა ვაჟა მარგველაშვილი, 73 და 81 კგ.-ს კი ისევ ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ლიდერობენ. 90 კგ.-ში თითო-თითო პოზიციებით დაქვეითდნენ ბექა ღვინიაშვილი და ლუკა მაისურაძე, რადგან სანშირო მურაომ მიიღო ქულები და მეორე ადგილზე აღზევდა.

შემდეგი მნიშვნელოვანი ტურნირი 24-26 მარტს, თბილისში გაიმართება, რომელსაც კვლავ გრანდ სლემის სტატუსი ექნება.

0.114595