საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „რეიმსის“ და მისი მწვრთნელის ისტორია ამ სეზონში ყველას გაკვირვებას იწვევს. გუნდი, რომელსაც 30 წლის სპეციალისტი წვრთნის, უკვე 18 მატჩია არ აგებს.
უილ სთილი 30 წლის ბელგიელ-ინგლისელი მწვრთნელია, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ვიდეოთამაშ Football Manager-იდან დაიწყო. მას ჯერ კიდევ არ აქვს UEFA-ს პრო კატეგორიის ლიცენზია, რის გამოც ფრანგული კლუბი ყოველი მატჩის შემდგომ 22 000 ევროთი ჯარიმდება, თუმცა გუნდს ეს ნამდვილად არ ადარდებს, რადგან მე-8 ადგილზე იმყოფება და უკვე 18 მატჩია არ აგებს, რაც ევროპის TOP 5 ლიგებში საუკეთესო შედეგია.
სთილმა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სიმულატორიდან დაიწყო და პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არასოდეს ყოფილა მთავარი მწვრთნელი გარდა ერთი შემთხვევისა, როდესაც 15 მატჩის განმავლობაში წვრთნიდა ბელგიურ „ბეერსხოტს“.
უილ სთილის გუნდის ლიდერი „არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი ფოლარინ ბალოგუნია, რომელსაც უკვე 15 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირ კილიან მბაპეს მხოლოდ 3 ბურთით ჩამორჩება. გუნდი ლიგა 1-ში მე-8 პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში მე-3 ადგილზე მყოფ „მონაკოს“ ხვდება. ასე რომ ნამდვილად საინტერესოა უილ სთილისა და მისი გუნდისთვის თვალის მიდევნება.