ტაშკენტის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ვარლამ ლიპარტელიანი ფინალშია და ოქროს მედლისთვის იბრძვის. გარდა ამისა, ბრინჯაოს შანსი აქვთ სოფიო სომხიშვილსა და გელა ზაალიშვილს.
100 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანანი და იაპონელი კოტარო უეოკა, ხოლო ფინალში ავსტრიელ აარონ ფარას დაუპირისპირდება.
ამავე წონაში ონისე სანებლიძემ იასპარეზა, მაგრამ პირველივე შეხვედრა ხსენებულ კოტარო უეოკასთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
+100 კგ წონაში გელა ზაალიშვილმა ტაჯიკი იბროჰიმიონ ელმუროდოვი დაამარცხა, მერე კუბელ ენდი გრანადასთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ყაზახ გალიმჟან კრიკბაის მოუგო. შესაბამისად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდება.
ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილმა ლინ ფან ჩანი და კამილა ბერლიკაში დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჩინელ შიან ქსუსთან წააგო. ბრინჯაოსთვის სომხიშვილი თურქ ჰილალ ოზტურკს დაუპირისპირდება.
90 კგ წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა უშანგი მარგიანი, რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ ჯახონგირ მამატრახიმოვთან.
შეგახსენებთ, რომ ტაშკენტის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ეთერ ლიპარტელიანმა და ჯერჯერობით, ეს საქართველოსთვის ერთადერთი მედალია მიმდინარე შეჯიბრზე.