ფეხბურთი

21:08 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ორი უგოლო მატჩი და “დინამოს“ მარტივი გამარჯვება: მეორე ტური დასრულდა

ეროვნული ლიგის მეორე ტური „დინამო თბილისისა“ და „სამტრედიის“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.



დღის მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილას“ დაუპირისპირდა. მატჩი იმაზე უინტერესო გამოდგა, ვიდრე გულშემატკივარს ჰქონდა მოლოდინი და საბოლოოდ, 0:0 დასრულდა. გუნდებმა კარში მხოლოდ ოთხჯერ დაარტყეს და საბოლოოდ, ქულები გაიყვეს.

„ტორპედო“ 0:0 „დილა“



მომდევნო მატჩი შედარებით უკეთესი გამოდგა, თუმცა გატანილი გოლი აქაც ვერ ვიხილეთ. „თელავმა“ საკუთარ მოედანზე „გაგრას“ უმასპინძლა, თუმცა წინა მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც უგოლოდ დასრულდა. გუნდები აქტიურობდნენ, კარში 12-ჯერაც დაარტყეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს. ყველაზე კარგი შანსი მე-4 წუთზე „გაგრას“ ხოსიტაშვილს ჰქონდა, როდესაც პენალტს ურტყამდა, თუმცა ლევან თანდილაშვილმა შესანიშნავად იმოქმედა და დარტყმული მოიგერია.

„თელავი“ 0:0 „გაგრა“



მეორე ტურის ბოლო მატჩში კი „დინამო თბილისმა“ სამტრედიას უმასპინძლა და მარტივად, 4:0 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში 10 წუთზე სიგუამ გახსნა, რასაც 4 წუთში მოისწრაფიშვილმა მოაყოლა მეორე გოლი. ამის შემდეგ „დინამომ“ ზეწოლა შეამცირა, „სამტრედიაც“ გააქტიურდა, თუმცა გოლი კვლავ დედაქალაქელებმა გაიტანეს. 81-ე წუთზე ულად ომარმა სხვაობა სამბურთიანი გახადა, 91-ე ზუთზე კი ზორან მარუშიჩმა მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.

„დინამო თბილისი“ 4:0 „სამტრედია“

გოლები: სიგუა (10), მოისწრაფიშვილი (14), ულად ომარი (81), მარუშიჩი (91).



ორი ტურის შემდგომ „დინამო თბილისი“ 6 ქულით ეროვნულ ლიგას ლიდერობს. ამდენივე ქულა აქვს „დინამო ბათუმსაც“, მესამეზე კი 3 ქულით „სამგურალია“. ბოლო სამ პოზიციას თბილისის „საბურთალო“, „თელავი“ და გორის „დილა“ იკავებენ - სამივე მათგანს 1 ქულა აქვს. ეროვნული ლიგის მომდევნო ტური 8 მარტს გაიმართება.

0.126284