საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან 82-ე წუთზე გაუშვა. ქართველი ფეხბურთელი სათადარიგო იყო და მეორე ტაიმში შევიდა მოედანზე.
ანგარიში 46-ე წუთზე ბაჯიმ გახსნა, დავითაშვილი კი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ბაკვა შეცვალა.
„ბორდომ“ უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, რადგან 82-ე წუთზე მათ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჟან-ფილიპ კრასომ ზუსტად შეასრულა, ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
დღევანდელი მატჩის შემდგომ „ბორდოს“ 46 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე დარჩა, თუმცა ამჯერად უკვე უახლოეს მდევარ „სოშოს“ აქვს მათი გადასწრების შანსი. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს, სწორედ „სოშოს“ წინააღმდეგ გამართავს.