ცნობილი გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა „ლაციოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ „ნაპოლის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა.
„საერთო ჯამში კვარაცხელიასთვის ეს ზედიზედ მესამე თამაში იყო უგოლოდ. თითქოს, ჩემპიონთა ლიგაზე ფრანკფურტის „აინტრახტთან“ გაცუდებულმა პენალტმა გააფუჭა ჯადოსნური მექანიზმი, რომლითაც მან ნეაპოლი და ევროპა დაიპყრო. თუმცა, ეს სირთულეები გაივლის და „გოლების ტყუპები“ ისევ გაიღიმებენ“, - წერს Gazzetta Dello Sport-ი.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა. ყველა ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელის აქტივში 27 თამაში, 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
„ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია, 18-ქულიანი, მაგრამ „მილანსა“ და „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.