საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტურში ქობულეთის „შუქურამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იმერლებისთვის შეხვედრა ცუდად დაიწყო, რადგან მეცხრე წუთზე ომარ პატარკაციშვილი გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, ხოლო 24-ე წუთზე ლევან ქურდაძემ ანგარიში გახსნა და „შუქურა“ დაწინაურდა. პირველი ტაიმის ბოლოს მოედანზე რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა, რადგან ირაკლი ლექვთაძემ მოედანი ორი ყვითელი ბარათის გამო დატოვა.
მეორე ტაიმში აჭარლებმა ცოტნე ფაცაციას გოლით უპირატესობა განიმტკიცეს. „სამგურალმა“ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც ლადო ჩიხრაძის აქტივშია.
ორი ტურის შემდეგ „შუქურას“ და „სამგურალს“ 3-3 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში ქობულეთელები „საბურთალოს“, წყალტუბოელები კი „თელავს“ შეხვდებიან.
„შუქურა“ – „სამგურალი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ქურდაძე (24), 2:0 ფაცაცია (51), 2:1 ჩიხრაძე (90)