ბლოგი

15:59 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

რა შეუძლია ოსიმენს?

ადრე ხუმრობით ვწერდი, საქართველოში ვიქტორ ოსიმენი უფრო ბევრმა ადამიანმა იცის ვინაა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიმეთქი. ხუმრობა იქით იყოს და ეს შავი ბიჭი არამხოლოდ საქართველოში, ლამის მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელად ყალიბდება და ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ოსიმენის ასეთ წარმატებაში და პოპულარობაში ლომის წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის.

ხვიჩაზე ბევრი გვითქვამს და იმედია მომავალში კიდევ უფრო მეტს ვიტყვით, მაგრამ ამჯერად მოდით სახელდობრ ვიქტორზე ვთქვათ ორი სიტყვა.

პირველყოვლისა საინტერესოა, კვარაცხელიას გარეშე რამდენად მრავლისმქმნელია ეს ფეხბურთელი და მართლა ისეთი მაგარია, როგორიც ახლა ჩანს? საამისოდ აუცილებელია, ვიქტორის წარსულში ჩავიჭყიტოთ, სადაც დავინახავთ ნიგერიის ქალაქ ლაგოსის გარეუბანში, უკიდურეს სიღარიბეში გაზრდილ ბიჭს, რომელსაც ბედმა ფეხბურთის თამაშის ნიჭი დააბერტყა თავზე.

მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა ოსიმენის ინტერვიუმ მისი ოჯახის შესახებ, სადაც სუპერმეგოლე იხსენებს, რომ დედამისი პატარა ვიქტორის გამოსაკვებად იძულებული იყო პლასტმასის ბოთლები ეგროვებინა და ლაგოსის მცხუნვარე ქუჩებში წყალი გაეყიდა ორიოდ გროშის საფასურად. აფრიკაში სიღარიბე არავის უკვირს, მაგრამ ოსიმენის ბავშვობა როგორც ჩანს მაინც განსაკუთრებით მძიმე იყო და ამიტომაც არ მალავს, რომ ახლა, როდესაც წარმატებული ფეხბურთელია, იცის რა გაჭირვების ფასი, მაღალ ხელფასს და კარგ ანაზღაურებას მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვიქტორ ოსიმენის საფეხბურთო ნიჭის დაუნახაობა თავიდანვე შეუძლებელი იყო და ამიტომ, ის აფრიკიდან პატარა ასაკში წამოვიდა ევროპაში და დღეს უკვე 25 წლის ვიქტორმა ევროპის ოთხ ქვეყანაში მოასწრო ბურთის გორება.

ოსიმენის, როგორც ფეხბურთელის ზრდა მუდამ სახეზე იყო. ჯერ გერმანიაში, შემდეგ ბელგიაში, მერე საფრანგეთში და ახლა უკვე იტალიაში ამ ნიგერიელ ჯეელს უფრო და უფრო მეტი ბურთი გაჰქონდა. იტალიაში გადაბარგებამდე, მის ბოლო ფრანგულ კლუბ „ლილიში“ ოსიმენს 18 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც ჭეშმარიტად მაგარი შედეგია, თუკი საფრანგეთის ჩემპიონატის საერთო დონის ბოლოდროინდელ ზრდას გავითვალისწინებთ.

ამის მიუხედავად, მხოლოდ ქართველ ქომაგებს არ ღრღნის ეჭვი, რომ ვიქტორ ოსიმენის წარმატებულობა მთლად ბოლომდე მისი დამსახურება არაა და კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი ის მიგნებაა, რომელიც დასანანი იქნება შემდგომში რომ დაიშალოს. არადა, ევროპული მედია უკვე დებს პროგნოზებს, რომ თუკი “ნაპოლი”იპირველებს (და ღმერთმა ქნას ასე მოხდეს) ოსიმენი აუცილებლად გადავა რომელიმე ევროპულ გრანდში და დიდი შანსია, კვარაცხელიაც მის გზას დაადგესო. ოღონდ, რატომღაც კვარაცხელიას ბედს ისევ იტალიის რომელიმე ტიტულმრავალ კლუბს უკავშირებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ, უახლოეს მომავალში ამ წყვილის დაშლა ბევრს ძალიან რეალურად მიაჩნია და ეს რამდენად კარგი იქნება ვიქტორისთვის, ხვიჩასთვის და მათი შემდგომი კარიერისთვის - სწორედ ესაა საკამათო, სამსჯელო და სამკითხავო.

სუპერმარკეტებში სხვადასხვა ტიპის განსხვავებულ პროდუქტებზე საერთო აქციები ხომ გინახავთ? აი მაგალითად, პრიალა ლენტით ერთმანეთზე რომაა გადაბმული წვენი და შოკოლადი. ეს ნიშნავს იმას, რომ წვენს თუ იყიდი შოკოლადი მოჰყვება ან პირიქით. ნეტა არ შეიძლება, როცა იქნება ეს ორი ბიჭიც ასე ერთად რომ გაიყიდონ უფრო დიდ გუნდში? მე პირადად ძალიან მაინტერესებს, მაგალითად მადრიდის „რეალის“ მაისურში გამოწყობილი ხვიჩა და ოსიმენი ისევ ისეთი მაგრები იქნებიან თუ არა. ეს მართალია კიდევ უფრო მეტად გააჩენს კითხვებს ოსიმენს რა შეუძლია კვარაცხელიას გარეშე, მაგრამ ინტრიგა და ინტერესი რომ გაიზრდება, ეს უდავო მგონია. თქვენ რას იტყვით?

0.113851