სხვა

12:05 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დელეგაცია იმყოფება

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და EOC-ის დელეგაციის სხვა წევრები, სეოკ-ის და ბაკურიანი-2025 -ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელები ბაკურიანს ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა, ასევე მოინახულეს ის ადგილები, სადაც უნდა მოეწყოს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრებებისთვის საჭირო სპორტული ობიექტები, მათ შორის - ბიატლონის ტრასა და ტრამპლინები.

სპიროს კაპრალოსი: „ბაკურიანში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ის ფაქტი, რომ ამ დღეებში აქ მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, თავისთავად მეტყველებს ბაკურიანის, როგორც მნიშვნელოვანი და უაღრესად პერსპექტიული სპორტული ცენტრის საერთაშორისო აღიარებაზე. აქ საუკეთესო ბუნებრივი პირობებია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, საბაგირო ტრასებით, სხვა დამხმარე ობიექტებით და მაღალი დონის სასტუმრო ქსელით. მჯერა, რომ საფესტივალოდ სხვა აუცილებელი არენებიც მზად იქნება და საქართველო ამ ახალგაზრდულ ევროპულ ფორუმს საუკეთესოდ უმასპინძლებს.“

ლერი ხაბელოვი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი: „მთავრობის მხარდაჭერით, დარგობრივი სამინისტროების და უწყებების, ადგილობლივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, ბოლო წლებში საქართველოში ბევრი რამ კეთდება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ბაკურიანი, რომელიც ამ დღეებში უმაღლესი დონის ტურნირს მასპინძლობს, ორი წლის შემდეგ კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს მიიღებს თბილისთან და ბათუმთან ერთად. ფესტივალისთვის ასევე საჭიროა საციგურაო დარბაზის აშენება, ძველი ტრამპლინების აღდგენა, ბიატლონის არენის მოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარება. ევროპელ სტუმრებთან ერთად განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და გადავდივართ აქტიური მოქმედების ფაზაში.“

ბაკურიანში ეოკ-ების და სეოკ-ის დელეგაციას უმასპინძლეს ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე ორჯონიკიძემ, სათხილამურო ფედერაციის და მთის ტრასების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებმა.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო 2025 წელს უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო გახდება მეშვიდე ევროპული ქვეყანა, რომელსაც ზამთრის და ზაფხულის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ექნება.

0.115717