ფეხბურთი

10:26 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება: "კვარაცხელია ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც დანებდა"

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლიმ“ „ლაციოსთან“ 0:1 წააგო. ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა და ამჯერად საუკეთესო შეფასება არ დაუმსახურებია, მაგრამ თანაგუნდელებთან შედარებით მაინც გამოარჩიეს.

Tuttonapoli 6 ქულა: „ერთ-ერთი ბოლო, ვინც დანებდა. ყოველთვის ცდილობს თამაშის გამწვავებას და „ლაციოს“ დაცვაში ხარვეზების პოვნას. როდესაც მეტოქეს ატყუებს, გამარჯვების პასი ვერ გააკეთა. არ გაუმართლა თავით თამაშის დროს, რომელიც ვესინოს ევროგოლში ასისტად გადაიქცა“.

Calcionapoli1926 5.5 ქულა: „კარგი რაღაცები გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც დაუშვა. ფლანგზე მხარდაჭერა აკლია და მარტოს ცოტა რაღაცის გაკეთება შეუძლია. სამწუხაროდ, „ლაციოს“ გოლის მომენტში თავით თამაშით შეცდა“.

Sportmediaset 5.5 ქულა: „მარუშიჩი და ფელიპე ანდერსონი მის წინააღმდეგ კარგად მუშაობენ და ქართველს უჭირს ერთი-ერთზე სივრცის პოვნა. ტექნიკა ყოველთვის შესანიშნავია, მაგრამ კარისგან ძალიან შორს იყო და ჩვეულებისამებრ მეტოქეს ზიანი ვეღარ მიაყენა“.

Calcionapoli24 6 ქულა: „პირველივე წუთებიდან ცოცხალი, მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად ორმაგი მეურვეობით ეთამაშებოდნენ. „ლაციოს“ კედელთან უწევდა თამაში, მაგრამ მაინც ახერხებდა დრიბლინგს. ნეგატიურად იწონის ვესინოს გოლზე მისი თავით თამაში, თორემ ნახევარი ქულით მეტს იმსახურებდა“.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია, 18-ქულიანი, მაგრამ „მილანსა“ და „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა. ყველა ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელის აქტივში 27 თამაში, 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

0.115647