საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრმა“ ალ ბატინი“ 3:1 დაამარცხა და საინტერესოა, რომ მასპინძლებმა სამივე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს.
„ალ-ნასრი“ მე-17 წუთიდან აგებდა, შემდეგ მსაჯმა თამაშს 14 წუთი დაამატა და მასპინძლებმა მეტოქე სამჯერ დაამწუხრეს, 93-ე, 102-ე და 104-ე წუთებზე.
კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. „ალ-ნასრი“ 46 ქულით ლიდერია, მომდევნო ტურში კი 9 მარტს, უახლოეს მდევარ „ალ-იტიჰადს“ ესტუმრება, რომელსაც 2 ქულით უსწრებს.