ავტოსპორტი

1:35 | 4.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: ჩვენ არასწორ გზაზე ვართ

ბაჰრეინის დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ „მერსედესი“ არასწორ გზაზე დგას და მანქანა მესამე ადგილის დასაკავებლადაც კი არაა მზად. ბრიტანლი პრაქტიკებზე მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა, მისი თანაგუნდელი ჯორჯ რასელი კი მხოლოდ მე-13 იყო.

„მერსედესმა“ შეძლო ხტუნვის ეფექტის (ეგრეთ წოდებული პორპოსინგი) პრობლემის მოგვარება, რომლის გამოც, მის პილოტებს გასულ სეზონში მდევრის როლში ყოფნა უწევდათ. მაგრამ ამის მიუხედავად, კვლავაც გაცილებით ჩამორჩება ლიდერ „რედ ბულს“ და მის ორგზის ჩემპიონ მაქს ფერსტაპენს.

„როგორც ჩანს, ძალიან შორს ვართ. ვფიქრობდი, რომ მეორე საუკეთესო „ფერარი“ იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩანს, რომ ჩვენზე „ასტონ მარტინიცაა“. ჩვენ კი, როგორც ჩანს, მესამე-მეოთხე ადგილებზე ვიქნებით. შეიძლება ითქვას, ისევ იქ ვართ, სადაც გასული სეზონის დასაწყისში ვიყავით, ან იქნებ, უფრო უკანაც. გუნდში ყველა თავდაუზოგავად მუშაობს და ისინი ასეთ შედეგს არ იმსახურებენ. მაგრამ როგორც ჩანს, ცუდ გზაზე ცდგავართ“, - განაცხადა ჰამილტონმა.

„მჯერა თუ არა, რომ რაღაც მომენტში ჩამორჩენას შევამცირებთ? კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კონცეპციით, რაც გვაქვს, ეს ძალიან ძნელი იქნება“, - დასძენს ჰამილტონი.

„მერსედესის“ ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ ელიოტმა განაცხადა, რომ კონსტრუქციაში ცვლილებები მალე იქნება, განსაკუთრებით ვიწრო რადიატორების ნაწილში. მისი თქმით, მზადების პროცესშია განსხვავებული მანქანა, რომელიც ახლანდელისგან განსხვავებული იქნება. ის ასევე ამბობს, რომ ორივე პილოტი მანქანის ცუდ მართვადობას უჩივის და რომ პრობლემა არასწორ ბალანსშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144403