იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლი“ უქულოდ დარჩა - მიმდინარე სეზონში მეორედ, „სტადიო მარადონაზე“ კი სულაც პირველად.
ლუჩანო სპალეტის გუნდი შინ წაუგებელი იყო, მაგრამ რომის „ლაციომ“ აჯობა, რომელსაც მაურიციო სარი წვრთნის, ნეაპოლში ძალიან კარგად ცნობილი სპეციალისტი.
ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, აქტიურიც იყო, მაგრამ ისიც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშეს, ქართველიც გაანეიტრალეს, ვიქტორ ოსიმენიც და მთელი „ნაპოლი“, რომელსაც ბევრი შანსი გოლის გასატანად ნამდვილად არ მიუღია. ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 67-ე წუთზე მატიას ვესინომ გაიტანა, რომელმაც შორი მანძილიდან ძალიან ძლიერად და რაც მთავარია, ზუსტად დაარტყა. დასანანი ისაა, რომ ურუგვაელმა ბურთი კვარაცხელიასგან მიიღო, მაგრამ ქართველის შეცდომაზე საუბარი მაინც რთულია...
დარჩენილ დროში ნეაპოლელებმა ყველაზე რეალური მომენტი კვარას წყალობით შექმნეს, როდესაც მის ჩაწოდებას ოსიმენი გამოეხმაურა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. სხვათა შორის, „ლაციომ“ ნეაპოლში 2015 წლის მაისის შემდეგ პირველად მოიგო.
„ნაპოლის“ ყველა ტურნირზე 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა, „სტადიო მარადონაზე“ კი ეს სეზონში პირველი მარცხია. ბუნებრივია, წაგება ცუდია, მაგრამ „აძურისთვის“ კატასტროფული არაფერი მომხდარა.
„ნაპოლი“ 65 ქულით ისევ ლიდერია და უპირატესობა სოლიდურია, 18-ქულიანი, მაგრამ „მილანსა“ და „ინტერს“ 25-ე ტურის მატჩები ჯერ არ ჩაუტარებიათ. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 მარტს, შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ ჩაატარებს.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 21 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 9-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ორჯერ პენალტი მოიპოვა. ყველა ტურნირზე კი ქართველი ფეხბურთელის აქტივში 27 თამაში, 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.
„ნაპოლი“ – „ლაციო“ 0:1 (0:0)
ნეაპოლი, „სტადიო მარადონა“
„ნაპოლი“ (4-3-3): მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა (ზედადკა 90); ანგისა (ელმასი 71), ლობოტკა (ნდომბელე 82), ჟელინსკი (სიმეონე 82); ლოსანო (პოლიტანო 71), ოსიმენი, კვარაცხელია
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
„ლაციო“ (4-3-3): პროვედელი; მარუშიჩი, პატრიკი, რომანიოლი, ჰისაი; მილინკოვიჩ-სავიჩი, ვესინო, ლუის ალბერტო (კატალდი 88); ფელიპე ანდერსონი (პედრო 59), იმობილე, ძაკანი (კანჩელიერი 84)
მწვრთნელი: მაურიციო სარი
გოლი: 0:1 ვესინო (67)
გაფრთხილება: ოსიმენი (64), ელმასი (90) - პატრიკი (21), მარუშიჩი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: ლუკა პაირეტო