ფეხბურთი

19:26 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუჩანო სპალეტი: "18-ქულიან უპირატესობას არ ვითვალისწინებთ, ჯერ ბევრი მოსახვევია გასავლელი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ლაციოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი საერთოდ არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სატურნირო ცხრილში 18-ქულიანი უპირატესობა აქვთ.

„სახლში ყოველთვის ვუყურებდი სარის „ნაპოლის“ მატჩებს, ფეხზე ვდგებოდი და ტაშს ვუკრავდი. არ მაინტერესებს, უკეთესი თუ უარესია ჩემი „ნაპოლი“, შედარებები არ მადარდებს. გულშემატკივრებს ვეტყოდი, რომ ფინიშის ხაზთან არ დაგველოდონ, არამედ მოედანზე ჩვენთან ერთად ყველა მატჩში გავიდნენ. ფანებმა არ უნდა მოუსმინონ მათ, ვისაც უნდათ, რომ საჭეს ხელები გავუშვათ, რათა ყველაფერი დავკარგოთ, პირიქით, ჯერ ბევრი მოსახვევი გვაქვს გასავლელი.

ჩვენ არ ვუყურებთ სატურნირო ცხრილს და არ ვითვალისწინებთ, რომ 18-ქულიანი უპირატესობა გვაქვს. ყველა მატჩი ერთნაირად უნდა ვითამაშოთ, ერთი დამოკიდებულებით, მეტოქის პატივისცემით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ერთი დეტალიც საკმარისია, რომ ყველაფერი ამობრუნდეს, ფეხბურთი ასეთია.

ოსიმენმა ჩემზე ინტერვიუში ძალიან კარგად ისაუბრა? სცადეთ ინტერვიუ ჩაწეროთ დიეგო დემესთან ან ისეთთან, ვინც ცოტას თამაშობს და ნახავთ, რას იტყვიან (იცინის - რედ). ჩემთვის ადვილია ამ ბიჭებთან მუშაობა, რომელთაც აქვთ ხარისხი, მოსმენის და სწავლის უნარი, რადგან სწავლა ყოველთვის შეიძლება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლაციოს“ მატჩი 3 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. პირველ წრეში „აძურიმ“ რომში 2:1 მოიგო და გამარჯვების გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

0.116365