კალათბურთი

0:21 | 2.03.2023 | ნანახია [] - ჯერ

ზუროსი: "ქართველ კალათბურთელებს იმდენად უყვართ ნაკრები, რომ მზად არიან მისთვის მოკვდნენ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ბერძნულ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველო მისი მეორე სახლია, ქართველ კალათბურთელებს კი ნაკრები იმდენად უყვართ, რომ მისი მაისურისთვის მოკვდებიან.

„ამ წარმატების მნიშვნელობა ვერ აღიწერება, რადგან ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა. ისლანდიასთან თამაშამდე კალათბურთელებს ძალიან რთული ფაზა ჰქონდათ, პირველად ვნახე ყველა ასეთი დაძაბული მოთამაშე, მათ შორის გამოცდილი კალათბურთელებიც. ესპანეთთან ისლანდიამ გადაწყვიტა სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშე ჩვენთან ფინალისთვის დაესვენებინა. ასე რომ მათ ავტომატურად განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობა ჰქონდათ. ჩვენ გვყავდა შენგელია, რომელმაც ოთხ დღეში 3 თამაში ჩაატარა.

ზეწოლა ძალიან დიდი იყო. ევრობასკეტამდე ერთი კვირით ადრე შენგელიას ტრავმამ ჩვენი სათამაშო ფილოსოფია მთლიანად დაინგრა. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რომ გადაჯგუფების დრო არ გვქონდა. ყველა თამაშში გმირულად ვიბრძოდით, მოგებაც შეგვეძლო და კიდევ ერთი თამაშის მოგებით გუნდი ევრობასკეტის ჯგუფიდან გავიდოდა. ისლანდიასთან შეხვედრაშიც ზეწოლა დიდი იყო, რადგან რამდენიმე მოთამაშისთვის ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო. მწვრთნელებს ძალიან გვეშინოდა, თუ როგორ შეძლებდნენ კალათბურთელები ამ წნეხთან გამკლავებას.

შენგელიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ გასახდელში თქვა: „ამ გუნდს, ამ ბიჭებს არაფერზე გავცვლიდი, არც NBA-ს გუნდზე, საერთოდ არაფერზე“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის სიყვარული, რომელიც მას ეროვნული ნაკრების მიმართ აქვს, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, დიდი პატრიოტია. თუმცა, ყველა კალათბურთელი ასეა, ქართველები ნაკრების მაისურისთვის „მოკვდებიან“.

დარბაზში საოცარი ატმოსფერო იყო. ნიდერლანდებთან მატჩამდე გაიყიდა ისლანდიასთან თამაშის ყველა ბილეთი ერთ დღეში. თამაშის შემდეგ გულშემატკივრები დარბაზიდან არ გვიშვებდნენ, შემდეგ სასტუმროშიც მოვიდნენ. ხალხს თავისი ნაკრები ძალიან უყვარს.

საქართველო ჩემი მეორე სახლია, რადგან 7 წელია იქ ვმუშაობ. 2015 წელს იგორ კოკოშკოვი შევცვალე. იმ მომენტიდან ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, კარგი შედეგებიც ვაჩვენეთ. მიყვარს ეს ქვეყანა და მეც სიყვარულს ვგრძნობ. ისეთ რამეს ვგრძნობ, რაც სხვა გუნდებსა და ქვეყნებში არ მიგვრძნია. ქუჩაში მაჩერებენ და მადლობასაც მიხდიან“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, რაც ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად მოხდა.

0.139753