ფეხბურთი

16:20 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს და კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლებაზე რომ მუშაობს, ამჯერად ავტორიტეტულმა გამოცემა Gazzetta Dello Sport-მა დაადასტურა.

ცნობილი გაზეთის ინფორმაციით, ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტს 2028 წლამდე გაუხანგრძლივებენ, ხოლო ხელფასს გაუორმაგებენ - 1.2 მილიონი ევროდან 2.5 მილიონ ევრომდე.

წყაროს თანახმად, კვარას მადრიდის „რეალი“ და სხვა ევროპული გრანდები აქტიურად აკვირდებიან. უფრო მეტიც, ესპანელები მზად არიან 100 მილიონი ევრო გაიღონ, მაგრამ „ნაპოლი“ მის გაყიდვას ჯერჯერობით არ აპირებს. თუმცა, 1.2 მილიონი ევროს ხელფასით 22 წლის შემტევის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, ამიტომაც იგეგმება მისთვის ხელფასის გაორმაგება. ისიც აღსანიშნავია, რომ კვარას სათამაშო დონის შესაფერისი არც 2.5 მილიონი ევროა, მაგრამ ნეაპოლიტანურ კლუბში მაღალი ხელფასები საკმაოდ იშვიათობაა.

Gazzetta Dello Sport-ი იმასაც წერს, რომ ხვიჩას სურვილი „აძურიში“ დარჩენაა და ზაფხულში კლუბის შეცვლას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მიმდინარე სეზონში მან 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

0.113447