ფეხბურთი

13:55 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძაკარდო: "კვარაცხელიას ოჯახმა "ნაპოლი" ორი მიზეზით აირჩია, საქართველოს სხვა ტალანტებიც ჰყავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა კრისტიან ძაკარდომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ძაკარდო კვარას „ნაპოლიში“ ტრანსფერში შუამავალი იყო და მან დეტალებზე ილაპარაკა. როგორც თქვა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო და ხვიჩას ოჯახს მხოლოდ „ნაპოლიში“ ტრანსფერი სურდა. გარდა ამისა, კრისტიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავს და მათი იტალიაში გადაბარგება არ გამორიცხა.

„მე ვიყავი შუამავალი ტრანსფერის ოპერაციაში, რომელიც თითქმის 3 წლის წინ დაიწყო. როდესაც ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, სხვა სიტუაცია იყო. სამი წლის წინ მისი თამაში რომ ვნახე, მაშინვე შემიყვარდა და გაოცებული ვიყავი მისი თვისებებით. მის გარემოცვასთან თანამშრომლობის დროს მკითხეს, არსებობდა თუ არა, იტალიაში ტრანსფერის ვარიანტი და ვიფიქრეთ „ნაპოლიზე“, ასევე იმიტომ, რომ ჯუნტოლი მას აკვირდებოდა და ინფორმაცია უკვე მოძიებული ჰქონდა. ყაზანის „რუბინის“ მოთხოვნებმა და პანდემიამ ყველაფერი გაართულა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეთავაზებებიც იყო, ოჯახი დარწმუნებული გახლდათ, რომ „ნაპოლი“ უნდა აერჩიათ.

მათ „ნაპოლი“ აირჩიეს, რადგან სერიოზული კლუბია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აფასებს, გარდა ამისა, იქ იყო სპალეტი, რომელიც ფეხბურთის კარგი მასწავლებელია. მასთან ერთად კვარა გაუმჯობესდა. ის დაიბადა, როგორც დრიბლიორი, თუმცა ახლა უფრო ნაკლებად თამაშობს ერთი-ერთზე და გუნდის სამსახურშია. ის ბრწყინვალე გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

ვიცნობ მთელ ოჯახს, მათ შორის ხვიჩას ძმას, თორნიკეს, რომელიც ასევე ნიჭიერია. ნაწილობრივ საქმის, ნაწილობრივ სიამოვნების გამო ვუყურებ „ნაპოლის“ ყველა მატჩს და გეტყვით, რომ ასე კარგად ძალიან ცოტა გუნდი თამაშობს. ვაკვირდები კვარას ზრდას, რომელიც შესანიშნავ ჰარმონიაში გარემოსა და ფანებთან. უბრალო ბიჭია, მაგრამ ძლიერი ხასიათით და ზეწოლას არ განიცდის.

შესაძლოა, რამდენიმე ქართველი იტალიაში კიდევ ვიხილოთ. საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს და ასევე 21-წლამდე ნაკრებიც კარგად მუშაობს, რამდენიმე საინტერესო მოთამაშე ჰყავს. ივნისში რუმინეთსა და საქართველოში 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს დავესწრები, სადაც ქართველ ტალანტებს უფრო ყურადღებით დავაკვირდები“, - თქვა ძაკარდომ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

0.170624