კალათბურთი

0:55 | 28.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტურნირის ფორმატი, მონაწილეები, წილისყრა: დეტალები მსოფლიოს ჩემპიონატზე

კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ფინალური ტურნირის ყველა მონაწილე გაირკვა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა, რითაც ქართული კალათბურთის ისტორია დაიწერა. ახლა, შეგვიძლია უფრო დეტალურად ვისაუბროთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომლის 32 მონაწილეთა სია ასეთია:

აფრიკა

ანგოლა, კაბო ვერდე, ეგვიპტე, კოტ დივუარი, სამხრეთ სუდანი

ამერიკა

ბრაზილია, კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, მექსიკა, პუერტო რიკო, აშშ, ვენესუელა

აზია

ავსტრალია, ჩინეთი, ირანი, იაპონია, იორდანია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ფილიპინები

ევროპა

ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 29 აპრილს გაიმართება და მონაწილე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში განაწილდებიან. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას მეორე ჯგუფურ ეტაპზე გააგრძელებენ, სადაც უკვე 4 ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო გააღწევენ და მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მეოთხედფინალიდან იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის ვერ დაძლევის შემთხვევაშიც მუნდიალს არცერთი გუნდი ეთიშება: თითოეული ადგილი უნდა გათამაშდეს და ჯგუფში ჩარჩენილები 17-32 ადგილებისთვის განაგრძობენ ასპარეზობას.

საინტერესოა ის დეტალი, რომ ტურნირს სამი მასპინძელი ჰყავს, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მხოლოდ ორი მათგანი (იაპონია და ფილიპინები) მიიღებენ, ხოლო ინდონეზიის ნაკრები მუნდიალზე არ იქნება მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩემპიონატს მასპინძლობს. მიზეზი ისაა, რომ ინდონეზიას სუსტი ნაკრები ჰყავს, ფიბამ მათ შანსი მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად, მაგრამ ერთ-ერთ ტურნირზე საუკეთესო 8 გუნდში ვერ მოხვდნენ და ინდონეზიაში მსოფლიოს ჩემპიონატი ინდონეზიის ნაკრების გარეშე ჩაივლის.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს რამდენიმე ძლიერი ნაკრები დააკლდა, რადგან საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლიეს. ყველაზე აღსანიშნავია არგენტინის, ხორვატიის, თურქეთის, ჩეხეთის, ისრაელის, პოლონეთის ნაკრებები.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. წილისყრის შემდეგ გაირკვევა საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩებს რომელ ქვეყანაში ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114072