„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურის მატჩში „დაუძინებელი მტერი“ „მარსელი“ სტუმრად 0:3 დაამარცხა.
შეხვედრის 25-ე წუთზე პარიზელთა თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ლიონელ მესის გადაცემის კვალად ანგარიში გახსნა. ოთხი წუთის შემდეგ მასპინძლების კარი თავად არგენტინელმა დალაშქრა, მბაპემ კი ასისტენტის როლი შეასრულა. მესისთვის ეს გოლი მე-700 გამოდგა საკლუბო დონეზე.
მეორე ტაიმში ვარსკვლავურმა წყვილმა ანგარიში კიდევ გაზარდა - ფრანგმა გოლი საკუთარ ანგარშზე ჩაიწერა, ისევ არგენტინელის ეფექტური პასის შემდეგ.
მბაპემ პარიზულ კლუბში 200 გოლის ნიშნულს უწია და ამ მაჩვენებლით პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს - ედინსონ კავანის გაუტოლდა.
პარიზელებმა 60 ქულა მოაგროვეს და ლიგა 1-ის ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ. უშუალო მდევარ „მარსელს“ ისინი 8 ქულით უსწრებენ.
შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს, „პარი სენ-ჟერმენმა“ და „მარსელმა“ საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში ითამაშეს. მაშინ გამარჯვება იგორ ტუდორის შეგირდებს დარჩათ (2:1).
საფრანგეთი
ლიგა 1
25-ე ტური. 26 თებერვალი
მარსელი - პსჟ 0:3
0:1 მბაპე (25), 0:2 მესი (29), 0:3 მბაპე (55)
მარსელი: ლოპესი, ვერეტუ, ბეიი (კლოსი 66), კოლაშინაცი, ტავარეში, რონჟიე, ბალერდი, გენდუზი, მალინოვსკი (უნაი 81), უნდერი (პაიეტი 81), ალექსის სანჩესი (ვიტინია 81)
მწვრთნელი: იგორ ტუდორი
პსჟ: დონარუმა, მუკიელე (ემერი 61), კიმპემბე (პერეირა 16), სერხიო რამოსი, მენდეში (ბერნატი 76), მარკინიოსი, ვერატი, რუისი, ვიტინია, მესი, მბაპე
მწვრთნელი: კრისტოფ გალტიე
მსაჯი: კლემან ტიურპენი
გაფრთხილება არ ყოფილა