„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „ემპოლისთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას მითითებებს აქტიურად აძლევდა, ერთ ეპიზოდში საკმაოდ გაუბრაზდა.
მისი შენიშვნები ქართველის მიმართ ტელეეთერშიც ძალიან კარგად ისმოდა. სპალეტი უკმაყოფილო დარჩა ფაქტით, რომ კვარამ ერთ-ერთ ეპიზოდში თამაშგარის ზღვარი ვერ დაიცვა.
„კვარა, თამაშგარის ხაზს უყურე!“, - ყვიროდა სპალეტი ქართველის მისამართით. აღსანიშნავია, ეს ყველაფერი 2:0-ზე ხდებოდა, როცა ორივე გოლში ხვიჩას წვლილი ძალიან დიდი იყო. ეს მიანიშნებს, რომ სპალეტი ფეხბურთელებს ყურადღების მოდუნებას უფლებას საერთოდ არ აძლევს, რაც კარგია.
ყველაფერი კი იმას მოჰყვა, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში კვარაცხელია „ემპოლის“ მცველების თამაშგარის ხაზს ვერ აჰყვა და შესაბამისად, თამაშგარე პოზიციაში დარჩა. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ" "ემპოლი" 2:0 დაამარცხა და სერია A-ს ამ დროისთვის 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.