ფეხბურთი

0:58 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "მეტოქეებს კვარას დონის ფეხბურთელის უხეშობის გარეშე შეჩერება უჭირთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა, მათ შორის, ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზე. კერძოდ, მის წინააღმდეგ უხეშ თამაშზე, რაზეც თქვა, რომ ეს ნორმალურია, რადგან კვარა ძალიან ტექნიკურია და სხვანაირად მეტოქეებს მისი შეჩერება უჭირთ.

„ციფრები ბევრ რამეზე მეტყველებს: ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერში გაუმჯობესდა. შარშან გვიჭირდა ბალანსის და კომპაქტურობის პოვნა, რომელიც ახლა გვაქვს. მატჩებში არის სურათები, რომლებიც შეიძლება გამოგრჩეთ: „სასუოლოსთან“ ისეთი რამ ვნახე, რაც ფეხბურთში 25 წლის განმავლობაში არ მქონდა ნანახი - კუთხურის დროს ბურთი დავკარგეთ და ჩვენი 10 მანიაკი ფეხბურთელი დაცვაში ბრუნდებოდა, რომ გოლი არ გაგვეშვა. დიდი ჰარმონიაა, ყველა ფეხბურთელი თავის თანაგუნდელს ეხმარება.

მეტოქეების უხეშობა? როცა კვარას დონის ფეხბურთელი გყავს, რთულია მეტოქემ ის ჯარიმის გარეშე არ შეაჩეროს, ამიტომაც, ზოგჯერ ამ მეთოდს მიმართავენ. მისნაირი ძლიერი ფეხბურთელისთვის ეს ნორმალურია. იტალიელი მსაჯები უმაღლესი დონის არიან, შემთხვევითობა არაა, რომ ევროტურნირების ფინალებს ხშირად იტალიელები მსაჯობენ.

სკუდეტო? ფეხბურთელებმა იციან, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შანსი გვაქვს და ეს უნდა გააკეთონ გულშემატკივრებისა და თავიანთი ხალხისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი ბოლომდე ყველაფერს გააკეთებენ, ამ სეზონში უკვე ვნახეთ რაღაცები, რაც კარგის მომასწავებელია. თუმცა, ხვალინდელ ქათამს, დღევანდელი კვერცხი გვირჩევნია, ჯერ უმჯობესია მატჩიდან მატჩამდე ვიფიქროთ და ძალიან შორს არ გავიხედოთ.

კიდევ ერთი თამაში გაშვებული გოლის გარეშე? ეს მხოლოდ დაცვის ხაზის სიძლიერის დამსახურება არ არის. ვხედავთ კიმი როგორია, რაჰმანი რამდენად განვითარდა, მაგრამ ეს მთელ გუნდს ეხება, სწორედ მთელი გუნდი ქმნის განსხვავებას და ამის ხარჯზე ვახერხებთ კარის მშრალად შენახვას“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.

„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია და „ინტერს“ (სანამ ამ ტურის მატჩს ჩაატარებს) 18 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 3 მარტს, რომის „ლაციოს“ შინ დაუპირისპირდება.

0.120004