„ნაპოლი“ გაჩერებას არ აპირებს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა, თან ზედმეტი პრობლემებისა და ნერვიულობის გარეშე.
„აძურიმ“ სერია A-ს 24-ე ტურში „ემპოლის“ მისსავე მოედანზე 2:0 აჯობა. მართალია, ხვიჩა კვარაცხელიას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ ორივე გოლში მისი წვლილი ძალიან დიდია.
მე-17 წუთზე ხვიჩამ არაჩვეულებრივი პასი გაუკეთა პიოტრ ჟელინსკის, რომელმაც ერთი შეხებით კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, იქ კი, „ემპოლის“ მცველმა ისმაილიმ ავტოგოლი გაიტანა. ნათელია, რომ მომენტში გარდამტეხი კვარას დიდებული პასი იყო.
10 წუთის შემდეგ ხვიჩამ უკვე საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ არცთუ კარგად, იქვე ვიქტორ ოსიმენი იყო ჩასაფრებული, რომელმაც დამატებაზე ივარგა და სხვაობა გააორმაგა.
კვარაცხელია ლუჩანო სპალეტიმ 70-ე წუთზე შეცვალა, რაც დიდწილად მარიო რუის გაძევებით იყო განპირობებული, რომელიც ერთი წუთით ადრე გააძევეს და იტალიელ მწვრთნელის გუნდის გადაწყობა მოუწია. დარჩენილ დროში ნეაპოლელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და მოიგეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, მის სტატისტიკურ მაჩვენებელს ამ თამაშის შედეგად არაფერი შეემატა. შედეგად, ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, 13 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.
„ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერია და „ინტერს“ (სანამ ამ ტურის მატჩს ჩაატარებს) 18 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 3 მარტს, რომის „ლაციოს“ შინ დაუპირისპირდება.
„ემპოლი“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:2)
გოლები: 0:1 ისმაილი (17, ა.გ), 0:2 ოსიმენი (28)