კალათბურთი

12:39 | 25.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

2 ოვერტაიმი და ჩაგდებული 351 ქულა: NBA-ში მეორე ყველაზე შედეგიანი მატჩი გაიმართა

დღეს გამთენიისას NBA-ში ისტორიული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „საკრამენტო კინგსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 176:175 დაამარცხა.



ლოს ანჯელესში, „კრიპტო არენაზე“ საოცარი შეხვედრა გაიმართა, რომლის გამარჯვებული არა თუ ძირითადმა დრომ, პირველმა ოვერტაიმმაც ვერ გამოავლინა და ყვლაფერი მეორე ოვერტაიმში გადაწყდა.

„კლიპერსისა“ და „კინგსის“ მატჩში საერთო ჯამში 351 ქულა ჩავარდა, რაც ლიგის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია. შეხვედრა მხოლოდ 19 ქულით ჩამორჩა NBA-ის სარეკორდო მატჩს, რომელიც 1983 წელს გაიმართა და რომელშიც „დეტროიტ პისტონსმა“ „დენვერ ნაგეთსი“ 186:184 დაამარცხა. იმ მატჩში სამი ოვერტაიმი იყო, ასე რომ, კიდევ ერთი ოვერტაიმიც რომ ეთამაშათ ამ გუნდებს, შესაძლოა ეს რეკორდიც დამყარებულიყო.

სამაგიეროდ სხვა რეკორდი დამყარდა. გუნდებმა კომბინირებულად 44 სამქულიანი ჩააგდეს, მსგავსი მაჩვენებელი კი აქამდე არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხებათ სტატისტიკურ ლიდერებს, „საკრამენტო კინგსის“ მალიკ მონკმა 45 ქულა ჩააგდო, 6 შედეგიან გადაცემასთან ერთად. 42 ქულა და 12 პასი ჰქონდა დეარონ ფოქსს და გადამწყვეტი ბურთიც სწორედ მან ჩააგდო, 20 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა მატჩი დომანტას საბონისმა.

დამარცხებულ გუნდში კავაი ლეონარდი გამოირჩა. მას 44 ქულა ჰქონდა. 34 ქულა და 10 პასი დააგროვა პოლ ჯორჯმა, 24 ქულა კი ნორმან პაუელის ანგარიშზე იყო.

ახალ გუნდში დებიუტი ჰქონდა რასელ უესტბრუქს, რომელმაც 17 ქულა და 14 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.



ამ მოგების შემდგომ, „საკრამენტო კინგსს“ 34 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა. თითქმის მისი მეზობელია „კლიპერსიც“, რომელიც მეხუთეა და მოგება-წაგების მაჩვენებელი 33-29_ზე აქვს.

მომდევნო მატჩს „კინგსი“ 27 თებერვალს, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ წინააღმდეგ, „კლიპერსი“ კი „ნაგეთსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.113604