კალათბურთი

0:23 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ნიდერლანდები დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიუახლოვდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურში ილიას ზუროსის გუნდმა ნიდერლანდების ნაკრები სტუმრად დაამარცხა და ერთი გამარჯვება რჩება ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად.

საქართველოსთვის შეხვედრა რთულად დაიწყო, პირველი ორი პერიოდი წააგო და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. რა თქმა უნდა, ეს განგაშის ზარი იყო, რადგან ნიდერლანდებთან მარცხი შანსს ძალიან შეამცირებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ქართველმა კალათბურთელებმა მობილიზება მოახერხა და ჩამორჩენა ერთ მეოთხედში ამოქაჩეს, რადგან მესამე პერიოდი 31:20 მოიგეს. შედეგადაც, დასკვნითი ათწუთეულის წინ ზუროსის გუნდი 4 ქულით დაწინაურდა და ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია.

საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც არასრულ 30 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკეს მხარი გიორგი შერმადინმა 22 ქულით და 6 მოხსნით აუბა, ხოლო თად მაკფადენმა 20 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.ზუროსის გუნდის რიგებიდან ქულები კიდევ ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა: ბექა ბურჯანაძემ (4 ქულა), დუდა სანაძემ (5), გიორგი ცინცაძემ (3), რატი ანდრონიკაშვილმა (2) და მიხეილ ბერიშვილმა (7). უქულოდ დაასრულეს შეხვედრა ბექა ბექაურმა, მერაბ ბოქოლიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ილია ლონდარიძეს სათამაშო დრო არ მისცემია.

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურში 26 თებერვალს, თბილისში ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. დღესვე, ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების ორივე კონკურენტი დამარცხდა: ისლანდიამ შინ ესპანეთთან 61:80 წააგო, ხოლო უკრაინა გასვლაზე იტალიასთან ვერაფერს გახდა (75:85). ამრიგად, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრების ერთადერთი კონკურენტი ისლანდიაა, რომელთანაც თბილისში 3 ქულით წაგების უფლებაც აქვს და საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა!

ნიდერლანდები - საქართველო 80:88 (19:17, 23:18, 20:31, 18:22)

მატჩის სტატისტიკა სრულად...

0.135714