სხვა

15:25 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული პარალელურ გუნდურ სლალომში იტალია გახდა (+VIDEO)

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს სნოუბორდში შერეული გუნდური პარალელური სლალომი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც იტალიის ნაკრები გახდა.



ბევრჯერ შეცვლილი ამინდის მიუხედავად დიდველის ტრასაზე ფინალებმა კარგად ჩაიარა.აარონ მარჩისა და ნადია ოშნერის წყვილმა ფინალში ავსტრიელებს, ანდრეას პრომეგერსა და ზაბინა შოფმანს სძლია, რომელთაც უკვე მოახერხეს ინდივიდუალურ ასპარეზობებში მედლების მოპოვება.

„ოქროს მედალი მოვიპოვეთ და ამით მხოლოდ კმაყოფილები ვართ. უბრალოდ გასაოცარია. კარგად ვიმუშავეთ. გვინდოდა, რომ უფრო სწრაფები ვყოფილიყავით. გუშინდელი დღიდან მოყოლებული კარგი შეგრძნება გვქონდა დღევანდელ შეჯიბრთან დაკავშირებით. ნადიას მეორე ცდაზე უფრო მეტი ზეწოლა ჰქონდა, თუმცა მან საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი“, - განაცხადეს გამარჯვებულმა იტალიელებმა.



ბრინჯაოს მედლის მფლობელები შვეიცარიელები, დარიო კავიეძელი და ჟული ცოგი გახდნენ, რომელთაც მესამე ადგილისთვის გამართულ დაპირისპირებაში კიდევ ერთი იტალიური წყვილი, მაურიციო ბორმოლინი და ლუსია დალმასო დაამარცხეს.

ბაკურიანს დღეს საერთაშორისო დამთვალიერებლებიც სტუმრობდნენ. "დოპელმაიერის“ ორგანიზებითა და მთის ტრასების სააგენტოს ჩართულობით, 7 ქვეყნის სათხილამურო კურორტის, ორმოცამდე წარმომადგენელი ესტუმრა. მათ ის გამოცდილება გაიზიარეს, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო კურორტებზე, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დააგროვა.

"ძალიან ვამაყობთ, რომ დღეს აქ, ბაკურიანში ვიმყოფებით და საქართველოს ამ დიდი მიღწევის თანამონაწილეები ვართ. საერთაშირისო სათხილამურო ფედერაციის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება აქ და მინდა ეს საქართველოს მივულოცო", - თქვა კომპანია “დოპელმაიერის” აღმასრულებელმა დირექტორმა ტომას ფიხლერმა.

"აქ უკვე მეორედ ვარ და გაოცებული ვარ იმით, თუ როგორ არის მომზადებული ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ჩვენ აქ ჩვენი გუნდისა და ჩვენი მეგობრების, ქართველების მხარდასაჭერად ვართ. პირველად აქ 2021-ში ჩამოვედით და არაფერი იყო, ამჯერად კი კარგად ვხედავთ ყველაფერი როგორი ორგანიზებული და კეთილმოწყობილია. იმედი მაქვს ყველა ქვეყანა ისიამოვნებს ამ მსოფლიო ჩემპიონატით", - აღნიშნა კურორტ “შიმბულაკის” დირექტორმა რინატ აბრაკხმანოვმა.

დღესვე კოხტას ტრასაზე აერიალსის დისციპლინაში ფინალური შეჯიბრებები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა უამინდობის გამო ის ხვალისთვის გადაიდო. პარალელურად, ოფიციალური ვარჯიში ჰქონდათ სკი კროსის სახეობაში, მათ შორის: დავით თედიაშვილს, ლაშა კურტანიძეს და ბექა ბერძენიშვილს. ხოლო სლოუფსთაილის ფრისკიში ლუკა ჩოფიკაშვილმა და ბუთაელოშვილმა ივარჯიშეს.

მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ ეარეალსის ფინალით გაგრძელდება, 24 თებერვალს კი ტრასაზე ქართველსპორტსმენებსაც ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბაკურიანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ავსტრია ლიდერობს, რომელსაც 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს. მეორე ადგილზე შვეიცარიაა, მესამე ადგილს კი პოლონეთი იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121359