კალათბურთი

12:19 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტაივანის საკალათბურთო ლიგაში იჩხუბეს: დუაით ჰოვარდი ერთ-ერთი იყო ვინც გააძევეს

NBA-ის 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაით ჰოვარდი, რომელიც ტაივანის საკალათბურთო ლიგაში თამაშობს, ერთ-ერთი მატჩის დროს მომხდარ დაპირისპირებაში მოჰყვა და მოედნიდანაც იქნა გაძევებული.



ჰოვარდი, რომელსაც ერთ დროს „სუპერმენსაც“ კი უწოდებდნენ, 2022 წლიდან ტაივანის T1 ლიგის გუნდ „ტაოიუან ლეოპარდსში“ თამაშობს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, „ლეოპარდსსა“ და „ტაივანბეერ ჰიროუბეერს“ შორის მატჩის დროს ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ჩხუბი ატყდა.

„ლეოპარდსის“ უკანახაზელმა, ჩენ ჰსიაო-ჯუნგმა მეტოქე გუნდის კალათბურთელს, ჩიანგ იუ-ანს იდაყვი ჩაარტყა საახეში, რის გამოც მალევე მხარეებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოვარდი გამშველებლის როლს თამაშობდა, თუმცა იგი მოედნიდან მაინც გააძევეს.

ჩხუბი მატჩის მიწურულს მოხდა, როდესაც ჰოვარდს ძირითადი საქმე უკვე გაკეთებული ჰქონდა. მან მატჩი 28 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა და მის გუნდს მატჩის მოგებაში დაეხმარა - 120:108.

ჰოვარდმა ტაივანის გუნდში 9 თამაში ჩაატარა, სადაც საშუალოდ 24.4 ქულას, 14.1 მოხსნას და 6.2 შედეგიან გადაცემას ასრულებს. ის ლიგის მთავარი ვარსკვლავია და მის სანახავად „ტაოიუან ლეოპარდსის“ თამაშებზე საკალათბურთო დარბაზი მთლიანად ივსება. 1 თვის წინ მან ტაივანის T1 ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

0.114394